27 დეკემბერი 2024,   07:41
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილის შეტევა ზაზა სარალიძეზე, არასამთავრობო სექტორსა და მედიაზე - ექსპრემიერის გზავნილები

ბიძინა ივანიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ბოლო დროის გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით ისაუბრა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გარიგებაში დაადანაშაულა. ყოფილი პრემიერის თქმით, რუსთაველის გამზირზე კარვები ოპოზიციურ პარტიასთან შეთანხმებით არის გაშლილი.

ივანიშვილმა შეტევა არასამთავრობო სექტორზეც მიიტანა. ყოფილმა პრემიერმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორს, ეკა გიგაურს  არასამთავრობო სექტორიდან წასვლა მოსთხოვა.

ბიძინა ივანიშვილის მოწოდების მიუხედავად, ეკა გიგაური მესამე სექტორიდან წასვლას არ აპირებს. „გამჭირვალობა-საქართველოს“ თბილისის ოფისის ხელმძღვანელი ყოფილ პრემიერს ჰპირდება, რომ ის კვლავაც კრიტიკული იქნება ხელისუფლების მიმართ, თუ სარალიძისა და ფარცხალაძის საქმეებს არ გამოიძიებენ.

ბიძინა ივანიშვილი დღეს „რუსთავი 2"-საც დაესხა თავს. ყოფილმა პრემიერმა პირობა დადო, რომ სამაუწყებლო კომპანიას არჩევნების შემდეგ მიხედავს.

ოპოზიციამ ივანიშვილის მორიგ თავდასხმას მედიასა და არასამთავრობო სექტორზე დემოკრატიული ინსტიტუტების დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა უწოდა.

ექსპრემიერმა ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილსა და "თიბისი" ბანკს შორის დავაზეც ისაუბრა. 

ბიძინა ივანიშვილის თავდასხმის კიდევ ერთი ობიექტი მისი ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი გახდა. ყოფილმა პრემიერმა ხუხაშვილს უნიჭო ექსპერტი უწოდა და ისიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გარიგებაში დაადანაშაულა.

ბიძინა ივანიშვილმა დღეს კიდევ ერთხელ აღიარა, რომ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მიერ სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის ცემაზე ინფორმაცია ჰქონდა. თუმცა ყოფილი მთავარი პროკურორი ისევ გაამართლა.

 

ავტორები: ნინო ვარძელაშვილი, თამთა ჩიტიშვილი, თამთა ჯიქია

დღის ამბები