26 დეკემბერი 2024,   15:42
ვრცლად
გავლენიანი სააგენტოს "ასკონას ჰოლტის" აღმასრულებელი დირექტორი ივანიშვილს პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სააგენტოს ასკონას ჰოლტის აღმასრულებელი დირექტორი, მარკ ჰილდრიუ, ბიძინა ივანიშვილს პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

ამის შესახებ მარკ ჰილდრიუ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ასკონას ჰოლტის აღმასრულებელი დირექტორი ბიძინა ივანიშვილს მსოფლიო ბანის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის გამო აკრიტიკებს და ამბობს, რომ ქართული ოცნების ლიდერი ბურჭულაძის დაკნინებას ცდილობს.

მარკ ჰილდრიუს თქმით, ივანიშვილმა ასევე იცრუა, როდესაც ბურჭულაძის შემოსავლებზე ისაუბრა, რასაც მომღერლის დისკრედიტაციის მცდელობად და დევნად აფასებს.

„ჩვენთვის აღმაშფოთებელია ის დისკრედიტაციის კამპანია, რომელიც ჩვენი გაერთიანების წევრის, მსოფლიოში აღიარებული მომღერლის, პაატა ბურჭულაძის, წინააღმდეგ მიმდინარეობს საქართველოში. ქართული ოცნების ლიდერი თავის საჯარო გამოსვლაში 2018 წლის 23 მარტს უკვე შეეცადა, დაეკნინებინა და დაემცირებინა ის, როგორც მომღერალი. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ თავს  უფლება მისცა, განეხილა პაატა ბურჭულაძის კარიერა, რაშიც ეჭვი გვეპარება, რომ ერკვეოდეს და რაიმე ტიპის კომპეტენცია გააჩნდეს. მან აღნიშნა, რომ 2012 წელს პაატა ბურჭულაძე აღარ იყო თავისი კარიერის პიკზე, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. საოპერო მომღერლის კარიერის შეფასება ხდება იმის მიხედვით, თუ რომელი თეატრები იწვევენ მას. 2012 წელს პაატა ბურჭულაძე სწორედ რომ თავისი კარიერის პიკში იყო და მღეროდა მსოფლიოს პირველი კლასის თეატრებში, როგორიც არის, ნიუ იორკის მეტროპოლიტენ ოპერა, ლონდონის კოვენტ-გარდენი, პარიზის ბასტილიის თეატრი და ა შ.

"მმართველი პარტიის ლიდერმა ასევე მცდარი ინფორმაცია გაავრცელა მისი შემოსავლების შესახებ. პაატა ბურჭულაძე 34 წლის მანძილზე გახლავთ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ანაზღაურებადი მომღერალი, რომლის რამდენიმე საკონცერტო გამოსვლა რიგ შემთხვევებში შეიძლება აღემატებოდეს მილიონ ლარს.

"კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ აღშფოთებას პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგ საქართველოში გაჩაღებული დისკრედიტაციის კამპანიის შესახებ. შეგახსენებთ, რომ მიმდინარეობს აშკარა დევნა იმ არტისტისა, რომელიც შესულია საოპერო მუსიკის ყველა ენციკლოპედიურ გამოცემაში, მას დამსახურებული აქვს თითქმის ყველა საერთაშორისო ჯილდო და პრემია, აგრეთვე, არის მსოფლიოს ცნობილი ქალაქების საპატიო მოქალაქე, ფლობს გერმანიის „კამერზინგერის“ წოდებას, ავსტრიისა და იტალიის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებს.

"მოგიწოდებთ, შეწყვიტოთ  ღია ომი ჩვენი სააგენტოს წევრი არტისტის წინააღმდეგ! სამარცხვინოა, როდესაც საქართველოს მმართველი პარტია, იმის ნაცვლად, რომ ამაყობდეს პაატა ბურჭულაძით, ცდილობს, მართული საინფორმაციო კამპანიით დააზიანოს მისი კარიერა.

"ეს დეზინფორმაციის კამპანია დაუყონებლივ უნდა შეწყდეს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები