26 დეკემბერი 2024,   15:41
ვრცლად
728 სამხედრო უბინაოდაა დარჩენილი - დოკუმენტებით დგინდება, რომ თავდაცვის მინისტრმა ხელშეკრულება დაარღვია

საქართველოს შეირაღებული ძალების ჯარისკაცები მეთაურებს დაუპირისპირდნენ. 728 სამხედრო დაპირებულ ბინას ელოდება. კურიერმა თავდაცვის სამინისტროდან დოკუმენტები მოიპოვა, საიდანაც დგინდება, რომ მინისტრმა ხელშეკრულებები დაარღვია.

ბინები საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედროებს წლების წინ უნდა ჩაბარებოდათ. კახეთის გზატკეცილზე კორპუსების დასრულებას დღემდე 728 ჯარისკაცის ოჯახი ელოდება.

სამხედროებმა კურიერს დოკუმენტები გადასცეს. საქართველოს სახელით 2007 წელს დადებულ კონტრაქტში აღნიშნულია, რომ 5-წლიანი საკონტრაქტო ვადის გასვლის შემდეგ სამინისტრო ვალდებულებას იღებდა, რომ სამხედროებს უსასყიდლოდ საკუთრებაში 40 კვადრატულ ფართს გადასცემდა.

როდესაც ჯარისკაცებმა სამინისტროს პირობის შესრულება მოსთხოვეს, მინისტრმა იზორიამ უპასუხა, რომ უნდა დაიცადონ, წერილების წერაში კი უვე 6 წელი გავიდა.

იგივე პასუხი მიიღეს სამხედოებმაც რამდენიმე დღის წინ თავდაცვის სამინისტროში გამართულ ხმაურიან შეხვედრაზე, რომელიც დახურულ ფორმატში ჩატარდა.

კურიერის ინფორმაციით, საცხოვრებლის მოლოდინში მყოფ 500-ზე მეტ ჯარისკაცს მინისტრის მოადგილე შეხვდა.

ერთ-ერთი მონაწილე აცხადებს, რომ შეხვედრის დაწყებიდან მალევე სამხედროების დიდმა ნაწილმა საუბრის გაგრძელება აღარ ისურვა და დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. კამათისა და ჯარისკაცების უკმაყოფილების მიზეზი კი უპასუხოდ დარჩენილი კითხვები გახდა - არ იციან, როდის შეასრულებს უწყება ვალდებულებას.

შეხვედრის მონაწილე ერთ-ერთი სამხედრო პირად საუბარში აცხადებს, რომ განაწყენებულ ჯარისკაცებთან წინასაარჩევნოდ შეხვედრა, სავარაუდოდ, სწორედ არჩევნებს უკავშირდებოდა.

თავდაცვის სამინისტრო აღიარებს, რომ 728 სამხედროსთვის ბინები გადასაცემი აქვთ. კონტრაქტი სამხედროებთან დარღვეულია, თუმცა, კურიერის კითხვაზე, რატომ შეაჩერეს მშენებლობა კახეთის გზატკეცილზე, სადაც საძირკველი უკვე ჩასხმულია, სამინისტროს პასუხი არ აქვს.

ლევან იზორიას მოადგილე ამბობს, რომ 2020 წლამდე საცხოვრებელი სახლის გასაღებს 728-ვე ჯარისკაცს ჩააბარებენ.

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დიმიტრი შაშკინს, თავდაცვის მოქმედი მინისტრის გუნდის არ სჯერა. შაშკინი აცხადებს, რომ გაჩერებული მშენებლობის მიზეზი უფულობა არ არის.

 

დღის ამბები