27 დეკემბერი 2024,   04:32
ვრცლად
დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაერთიანებული ოპოზიცია ამ არჩევნებს იგებს - ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ გრიგოლ ვაშაძე გაიმარჯვებს

აჭარაში ხმის დათვლის პროცედურა მიმდინარეობს. საპრეზიდენტო არჩვენების შედეგები რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.

თუმცა, მანამდე „ქართული ოცნების“ ოფისში მმართველი გუნდის ეგზიტპოლის შედეგებს გაეცნენ და სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება იზეიმეს.

აჭარაში „ქართული ოცნების“ ოფისში აცხადებენ, რომ დღევანდელმა არჩევნებმა ყოველგვარი ექსცესების გარეშე ჩაიარა, რა დროსაც მნიშვნელოვანი დარღვევები არ დაფიქსირებულა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატების ნაწილი მეორე ტურის ჩატარებას არ გამორიცხავს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, ეგზიტპოლის მსგავს შედეგს ელოდნენ მმართველ პარტიაში. თუმცა, მისი თქმით, საბოლოო შედეგი ცესკო-მ უნდა დადოს.

აჭარაში ოპოზიციის წევრები საპარლამენტო არჩევნების დასრულებას აფასებენ. „ნაციონალურ მოძრაობაში“ დარწმუნებულები არიან, რომ საქართველოში მეორე ტური აუცილებლად ჩატარდება. ენმ-ის წევრების თქმით, ეგზიტპოლების შედეგებმა აჩვენა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის წევრმა გაიმარჯვა.

„დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაერთიანებული ოპოზიცია ამ არჩევნებს იგებს. საერთო ჯამში, შედეგებმა აჩვენა, რომ სახელისუფლებო კანდიდატმა ვერ მოიგო. ოპოზიცია ამ ქვეყანაში უფრო მეტია, ვიდრე ხელისუფლების მხარდამჭერი ადამიანი,“ - ამბობს მირდატ ქამადაძე.

მირდატ ქამადაძე Edison Research-ის ეგზიტპოლებს სრულ ნდობას უცხადებს.

აჭარაში „ევროპული საქართველოს“ წევრები აცხადებენ, რომ მეორე ტურში მხარს გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერენ.

გავლენიანმა კვლევითმა ორგანიზაციამ Edison Research-მა „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით, ათასობით ამომრჩეველი საქართველოს მასშტაბით გამოკითხა.

აჭარაში ამომრჩევლის აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო. 17:00 საათის მონაცემით, აჭარაში ამომრჩევლის აქტივობა შეადგენდა 40 პროცენტს. საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის 16 საჩივარია შესული.

დღის ამბები