27 დეკემბერი 2024,   04:37
ვრცლად
„ამ "პახაბნმა", ამ ჯაყომ, მოინდომა ქართველი ხალხის დამცირება, ტალახში თრევა" - სააკაშვილი ამომრჩეველს ვაშაძის გამარჯვებას ულოცავს 

მე გითხარით რომ იქნებოდა დიდი ტალღა და საქართველოს მოსახლეობა გაარტყამდა ალიყურს ივანიშვილს, მაგრამა ამას მეც არ ველოდით,- ეს განცხადება, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა. 

გადაცემა "კვირის აქცენტებში" სააკაშვილი Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგებს გამოეხმაურა. 

მისი თქმით, ეს განსაკუთრებული არჩევნებია, იმიტომ რომ პირველად ოპოზიციამ მოიგო ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული უბნები. სააკაშვილი ამბობს, რომ დღეს მოხდა ისტორიული გარღვევა. სააკაშვილის თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა უბნების უმრავლესობა მოიგო. 

„საქართველოს სრულფასოვანი ბატონ პატრონი არის ქართველი ხალხი. ახლა შედეგები შემოდის გაოგნებული ვარ. ბათუმში ყველა უბანი მოვიგეთ. დიდი მადლობა ბათუმელებო. პრაქტიკულად ყველაფერს ვიგებთ ქუთაისში.კახეთში მოვიგეთ ყველა უბანი. კახელებს ყოჩაღ რა.

მე მინდა ვთქვა, რომ ეს არის წარმოუდგენელი ტალღა, ჩვენმა ერმა გასცა პასუხი ყველაფერს. ამათ გამოაცხადეს, 52% მაგრამ სრული სისულელეა. “-ამბობს სააკაშვილი.

სააკაშვილი მიმართავს კომისიის ყველა წევრს, რომ არ მიიღონ მონაწილეობა გაყალბებაში, სააკაშვილი მიმართავს პოლიციას, რომ არ დაიმცირონ თავი და არ მიიღონ მონაწილეობა გაყალბებაში.

მიხეილ სააკაშვილი ასევე მიმართავს ქართველ ჯარს და მოუწოდებს მათ არ გამოაყენებინონ თავი მანიპულაციებში.

„მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა დათო ბაქრაძეს. ევროპული საქართველოს ყველა ლიდერს და წევრს. მათ ბოლომდე დაიცვეს თავის სიტყვა,“-ამბობს სააკაშვილი.

მისი თქმით, ის დავით ბაქრაძეს მაკკეინის დაკრძალვაზე შეხვდა, სადაც დავით ბაქრაძემ მას აღუთქვა მხარდაჭერა, თუკი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მეორე ტურში გავიდოდა.

„ახლა მოიმარაგეთ, ყავა , რედ ბული, ჩაი, ყველა ოქმი დავიცვათ. პარალელური დათვლა მიდის საერთაშორისო ორგანიზაციების,“-ამბობს სააკაშვილი.

სააკაშვილი მიმართავს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, რომ შეუერთდეს ფართო კოალიციას. სააკაშვილი არ გამორიცხავს, რომ ევროპულ საქართველოსა და ყველა პროდასავლურ ოპოზიციასთან მოხდეს გაერთიანება. შეკითხვაზე, განიხილება თუ არა "ევროპულ საქართველოსთან" კოალიცია სააკაშვილი ასე პასუხობს:  

„ისინი არიან ჩემი თანამებრძოლები, ჩვენ ვაკრიტიკებდით ერთმანეთს.ისინი არიან ღირსეული ხალხი. ცუდია, რომ თავის დროზე მოხდა ეს გაყოფა, მაგრამ 2003 წელსაც მოხდა გაყოფა ჟვანიასთან, მაგრამ შემდეგ ისევ მოხდა შეერთება“.

სააკაშვილის თქმით, საქართველომ დაამტკიცა, რომ ის ღირსეული ქვეყანაა და ქართველმა ერმა ამ არჩევნებით აღიდგინა ღირსება. 

„ამ "პახაბნმა", ამ ჯაყომ, მოინდომა ქართველი ხალხის დამცირება, ტალახში თრევა, დაალომბარდა მთელი საქართველო. დააკვირდით რამდენად მეტი ხალხი მოვიდა, ვიდრე წინა არჩევნებზე. დღეს არის საქართველოს ღირსების აღდგენის დღე“-ამბობს სააკაშვილი.

სააკაშვილი მადლობას უხდის "რუსთავი 2"-ს. მისი თქმით, სწორედ "რუსთავი2"-მა გააშიშვლა ივანიშვილის რეჟიმი.

დღის ამბები