27 დეკემბერი 2024,   05:04
ვრცლად
"არც იმას გამოვრიცხავ, რომ პირიქით ყოფილიყო, ოპოზიცია დასხმოდა თავს "ქართულ ოცნებას" - საპარლამენტო უმრავლესობა ახალქალაქის ინციდენტზე

ახალქალაქში გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის შტაბზე განხორციელებულ თავდასხმას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ეხმაურებიან. ქართული ოცნების წევრები არ გამორიცხავენ, რომ თავად ოპოზიცია დასხმოდა თავს მმართველი გუნდის მხარდამჭერებს.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძისთვის ოპოზიციის არგუმენტები მიუღებელია და იმედოვნებს, რომ გამოძიება უმოკლეს ვადებში დაადგენს ჭეშმარიტებას გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით.

„ჩვენ აქ კითხვის ნიშნები უნდა დავსვათ - ვინ ვის დაესხა თავს. ჩემთვის არ არის არგუმენტი ოპოზიციის განცხადება, რომ რასაც იტყვიან, მაინც და მაინც, ეს ასე უნდა იყოს. ამ ფაქტზე გამოძიება არის აღძრული და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უმოკლეს ვადებში გამოიძიებს შესაბამისი სტრუქტურები და დაგება ობიექტური ჭეშმარიტება - ვინ ვის დაესხა თავს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ  პირიქით ყოფილიყო, ოპოზიცია დასხმოდა თავს ქართულ ოცნებას,“ - განაცხადა კილაძემ.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე, ოპოზიციას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ოპოზიცია ისეთი განწყობის შექმნას, თითქოს ოცნება ძალადობრივ მეთოდებს იყენებს.

„ახლა შეეცდებიან, უამრავი პროვოკაცია ჩაატარონ, ახალი და ახალი მეთოდები იხმარონ იმიტომ, რომ ამ არჩევნების შედეგებმა მათ მისცა პოლიტიკური რიხი, რომლითაც ახლა შეეცდებიან, გაამყარონ წარმოდგენა იმის თაობაზე, რომ ისინი არიან ნათელი ძალა, რაც ჩემთვის საერთოდ პოლიტიკური ცინიზმის მწვერვალია,“ - განაცხადა ზოიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, თამარ ჩუგოშვილი, აცხადებს, რომ მმართველი გუნდის მიზანს არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარება წარმოადგენს.

„ჩვენი მთავარი მიზანი, რომ სამართლიან გარემოში, მშვიდად, წყნარად ჩაგვეტარებინა არჩევნები, ეს არის მიღწეული. თუ რაიმე იზოლირებულ, ცალკეულ ინციდენტს აქვს ადგილი, რეაგირებაც იქნება შესაბამისი,“ - განაცხადა ჩუგოშვილმა.

ახალქალაქში ოპოზიციის სამ წევრს საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბში ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკაში გადაიყვანეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები