27 დეკემბერი 2024,   04:36
ვრცლად
"გაერთიანებულ ოპოზიციას ვერ გამოიწვევენ, არავითარ პროვოკაციაზე ჩვენ არ წავალთ" - გრიგოლ ვაშაძე

"კრიმინალური ბანდები მართავენ საქართველოს" - ასე აფასებს გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე, ახალქალაქში მომხდარ თავდასხმის ფაქტს. 

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი ახალქალაქში ჩავიდა და ინციდენტის დროს დაზარალებულები მოინახულა.

„წაგებული პირველი ტურის შემდეგ, ეტყობა, გადაწყვიტეს იმ ხალხის დაშინება, რომელმაც თავდადებით, თავგანწირვით იმუშავა, რომლებიც არ გაიყიდნენ, რომლებიც იდეის ერთგულები დარჩნენ და რომლებმაც, უპირველეს ყოვლისა, იმუშავეს იმისათვის, რომ ჩვენ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ, მოისპოს არჩევნების გაყალბება,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ვაშაძე აცხადებს, რომ ხელისუფლების შეცვლას მხოლოდ მშვიდობიანი გზით აპირებენ.

„მშვიდობიანი გზით, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, ვაპირებთ ამ ხელისუფლების შეცვლას და უპირველეს ყოვლისა, საპრეზიდენტო არჩევნების მოგებას,“ - აღნიშნა ვაშაძემ.

გრიგოლ ვაშაძემ მხარდამჭერებს მიმართა და განაცხადა, რომ მსგავსი პროვოკაციები შესაძლოა, კიდევ განმეორდეს.

„კრიმინალური ბანდები მართავენ საქართველოს. ვიცოდით, რომ კრიმინალური ბანდები ჰყავს ფარცხალაძეს და კრიმინალური ბანდა ჰყავს სუბელიანს. ახლა აღმოჩნდა, რომ კრიმინალური ბანდა ჰყავს ქართული ოცნების პარლამენტის დეპუტატს, ვინმე ენზელ მკოიანს. ჩვენ მხარდამჭერებს მინდა, მივმართო - მეგობრებო, ასეთ პროვოკაციები იქნება ბევრი და იქნება ბევრი იმიტომ, რომ თქვენი ეშინიათ. ეშინიათ იმისი, რომ ეს არჩევნები წაგებული აქვთ და ყველანაირად ცდილობენ ჩვენს დაშინებას,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ვაშაძე სამართალდამცავი ორგანოებისგან დროულ რეაგირებას ითხოვს.

„კატეგორიულად ვთხოვ და მოვითხოვ პოლიციისგან, რომ შესაბამისი ზომები იქნას მიღებული. ეს უკვე, მცდელობაა ქვეყანაში დაპირისპირების გამოწვევის, მაგრამ გაერთიანებულ ოპოზიციას ვერ გამოიწვევენ, არავითარ პროვოკაციაზე ჩვენ არ წავალთ,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დღის ამბები