27 დეკემბერი 2024,   04:31
ვრცლად
ვიზიარებთ სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეშფოთებას საარჩევნო პროცესებში არსებული ხარვეზების შესახებ - აშშ-ის საელჩო

აშშ-ის საელჩოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება. საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში გამოვლენილ დარღვევებზეა ყურადღება გამახვილებული.

აშშ-ის საელჩო იმედს გამოთქვამს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში აღარ განმეორდება ისეთი ფაქტები, როგორიცაა „შეუსაბამო ხერხებით ამომრჩეველთა მობილიზაცია და ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენება“.

„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო იზიარებს ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნას, რომ 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და პროფესიულ დონეზე იყო ადმინისტრირებული, რამაც ამომრჩეველს მისცა შესაძლებლობა, გაეკეთებინა თავისუფალი არჩევანი. ჩვენ ვიზიარებთ საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეშფოთებას საარჩევნო პროცესებში არსებული ხარვეზების შესახებ, როგორიცაა შეუსაბამო ხერხებით ამომრჩეველთა მობილიზაცია და ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენება. ხაზგასმით აღვნიშნავთ მეორე ტურში ამ ხარვეზების გამოსწორების მნიშვნელობას.

"შეერთებული შტატები გააგრძელებს საარჩევნო გარემოს ყურადღებით დაკვირვებას. მნიშვნელოვანია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რომელიც საშუალებას მისცემს ყველა მოქალაქეს, თავისუფლად გამოხატოს საკუთარი ნება საარჩევნო ყუთთან. აშშ-ის საელჩო მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოებას და ქართველ ხალხს ქვეყნის დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებაში, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების გზით,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები