27 დეკემბერი 2024,   04:51
ვრცლად
"სრულიად უპასუხისმგებლო და მიუღებელი განცხადებები" - მიხეილ ბენიძე სამოქალაქო ომთან დაკავშირებით "ოცნების" წევრების განცხადებებზე

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე, საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით არჩევანის ეთერში საუბრობს.

მიხეილ ბენიძის თქმით, უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე იმყოფებოდნენ კოორდინატორები, რომლებიც თითოეულ ამომრჩეველს აღრიცხავდნენ.

„უბნების გარეთ განსაკუთრებული კონცენტრაცია იყო აქტივისტების და კოორდინატორების, რომელთა მხრიდანაც ხდებოდა თითოეული მოსული ადამიანის აღრიცხვა, რომელიც ასევე არ არის ახალი პრაქტიკა, მაგრამ წელს განსაკუთრებით დავინახეთ როგორც ეს პრაქტიკა, ასევე, ძალიან ახლოს არჩევნებთან მხარდამჭერთა სიების შეგროვების მოთხოვნები საბიუჯეტო სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის, რომელიც, პრაქტიკულად, ერთდროულად ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაც არის და ზეწოლაც არის და ამის კონკრეტული მტკიცებულებების გვქონდა ჩვენ,“ - განაცხადა ბენიძემ.

მიხეილ ბენიძე აღნიშნავს, რომ უბნებთან კოორდინატორების მობილიზების გაკონტროლებას საკანონმდებლო რეგულაციით ვერ შეძლებენ, თუმცა, მისი თქმით, ამის მოგვარება პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული.

მიხეილ ბენიძე მმართველი გუნდის წევრების განცხადებებს ეხმაურება, რომლებიც ამბობენ, რომ გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში, სამოქალაქო ომი იქნება.

"ეს არის სრულიად უპასუხისმგებლო და სრულიად მიუღებელი განცხადებები. წარმოუდგენელი არის მით უმეტეს სახელმიწოფლებო პარტიის წარმომადგენლის მხრიდან ასეთი განცხადებების კეთება. ანუ გამოდის, რომ ხელისუფლება ამბობს, რომ მათ არ ძალუძთ, რომ რაღაც სამოქალაქო ომი შეაჩერონ ქვეყანაში, არ ვიცი, რას ნიშნავს ეს. ძალიან ცუდი და უპასუხისმგებლო მესიჯი არის," - განაცხადა ბენიძემ.

ბენიძე აღნიშნავს, რომ მეორე ტურამდე პერიოდი მნიშვნელოვანია და ძალადობრივი ფაქტები დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიონ სამართალდამცავებმა.

„განსაკუთრებით საჭირო და მნიშვნელოვანი არის იმ წინა გამოცდილების გათვალისწინებით, რომ ამ პირველ და მეორე ტურს შორის ქვეყანაში იყოს, რაც შეიძლება, მშვიდი, რაც შეიძლება, სამაგალითო. როდესაც მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან გუშინ გაკეთდა განცხადებები, რომ მათ გზავნილი მიიღეს ამომრჩევლისგან ამ არჩევნების შედეგების მიხედვით, პირველი რეალური მანიშნებელი იმისა, მართლა მიიღო თუ არა გზავნილი ხელისუფლებამ, იქნება, თუკი ისინი შეცვლიან რიტორიკას, თუკი ისინი არ დაესხმებიან თავს ყველა აქტორს და მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოებას, თუკი ისინი არ მიმართავენ ზეწოლას თავად და, თუკი ზეწოლის ფაქტებს ექნება ადგილი, ექნებათ მკაფიო და მკაცრი რეაგირება და შესაბამისის სამართლებრივი პასუხი მოეთხოვება თითოეულ დამნაშავეს,“ - განაცხადა ბენიძემ.

დღის ამბები