27 დეკემბერი 2024,   04:39
ვრცლად
"პერსონალმა პაციენტების სამედიცინო ჩვენებიდან გამომდინარე, საჭიროდ არ მიიჩნია მათი თბილისში გადაყვანა" - ჯანდაცვის სამინისტრო გიორგი ვაშაძეს პასუხობს 

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი გიორგი ვაშაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს და ბრალდებას, ახალქალაქში დაშავებულთათვის არაჯეროვანი სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ, უარყოფს. 

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის შტაბის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ უნდა დადგეს იმ ექიმების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოპოზიციის ნაცემი წევრები სახლში გაწერა.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვამია:

"სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა 4 დაშავებული ახალქალაქის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა. მათგან ერთი პაციენტი, რომელიც სტაციონარულ მომსახურებას საჭიროებდა, კატასტროფის ეკიპაჟმა თბილისში მოათავსა. სამ პაციენტს კი, ამბულატორიული მომსახურება რაიონულ კლინიკაშივე გაეწია, რის შემდეგაც ისინი სახლში გაწერეს.  

მოგვიანებით, პაციენტის ახლობლებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი ხელახლა გამოიძახეს და დაშავებულების ჰოსპიტალიზაცია კვლავ ახალქალაქის სამედიცინო ცენტრში განხორციელდა. კლინიკაში შეყვანისას, გაიხსნა ახალი გადაუდებელი ამბულატორიის ბარათები, ვინაიდან წინა ბარათები კლინიკიდან გაწერისთანავე დაიხურა.

კლინიკამ და კლინიკის სამედიცინო პერსონალმა, პაციენტების სამედიცინო ჩვენებიდან გამომდინარე, საჭიროდ არ მიიჩნია მათი თბილისში გადაყვანა," -  ნათქვამია განცხადებაში. 

ამავე თემაზე
დღის ამბები