27 დეკემბერი 2024,   05:06
ვრცლად
თავდასხმა ახალქალაქში - გაერთიანებული ოპოზიცია ემზარ მკოიანისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას ითხოვს

გაერთიანებული ოპოზიცია ახალქალაქში მომხდარ თავდასხმაში მონაწილე ენზელ მკოიანისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას მოითხოვს.

საგანგებო განცხადებით ხელისუფლების ოპონენტებმა მთავარ პროკურატურას უკვე მიმართეს.

მარტუნ მკოიანის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, მართვის მოწმობა, საბანკო ბარათები და საფულე - ეს არის მთავარი მტკიცებულებები „ქართული ოცნების“ დეპუტატის ენზელ მკოიანის წინააღმდეგ.

გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის წევრებზე თავდასხმის დროს დეპუტატის ძმას საფულე დაუვარდა. ოპოზიცია მტკიცებულებების შემოწმების დროს აღმოაჩინა, რომ დეპუტატის ძმას საფულეში ედო ოპოზიციის წევრების მანქანის სანომრე ნიშნების ამონაწერი, საიდანაც დგინდება, რომ თავდასხმამდე ვაშაძის მხარდამჭერებს უთვალთვალებდნენ.

გაერთიანებულ ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ "ქართულ ოცნებას" მათი წევრების განადგურება სურდათ. მძიმე ტრავმებით კლინიკაში შეყვანილი 4 დამკვირვებლიდან, სახლში 3 გაწერეს. მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ სამივეს მდგომარეობა მძიმე იყო და მათი სასწრაფო ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.

ახალქალაქიდან თბილისში გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები, კერძო რეანომობილებით გადმოიყვანეს. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ კატასტროფის ცენტრის ბრიგადები დაშავებულების დასახმარებლად არ გამოყო.

ბრალდებებს უპასუხეს ჯანდაცვის სამინისტროში. უწყებაში განმარტეს, რომ პერსონალმა პაციენტების სამედიცინო ჩვენებიდან გამომდინარე, საჭიროდ არ მიიჩნია მათი თბილისში გადაყვანა. 

დაზარალებულებთან ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში დღის ბოლოს მივიდნენ გამომძიებლები და ამ დრომდე მათი დაკითხვა მიმდინარეობს. მიუხედავად მტკიცებულებებისა რომ დაპირისპირებაში უმრავლესობის დეპუტატი და მისი ძმა ფიგურირებენ, "ქართულ ოცნებაში" მის თანაგუნდელთან კითხვები არ აქვთ. მმართველი პარტია ისევ პროვოკაციაზე საუბრობს. 

დღის ამბები