27 დეკემბერი 2024,   04:38
ვრცლად
დახურული კონსულტაციები "ქართული ოცნების" ოფისში - მმართველი გუნდი საარჩევნო სტრატეგიაზე მუშაობას იწყებს

"ქართულ ოცნებაში" სრული მობილიზაცია გამოცხადდა.  მმართველი პარტია წარუმატებელი პირველი ტურის შემდეგ, კონკრეტულ საარჩევნო სტრატეგიაზე მუშაობას იწყებს. "ქართული ოცნების" ოფისში დღეს კონსულტაციები გაიმართა.

როგორც "ოცნების" წევრები ამბობდნენ, რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებები ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით, საპრეზიდენტო კანდიდატის გარეშე მიმდინარეობდა. სალომე ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" ოფისთან დღის 2 საათზე მოულოდნელად გამოჩნდა.

დახურული კონსულტაციების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა, კახი კალაძემ, ირაკლი კობახიძემ, მაია ცქიტიშვილმა და თავად სალომე ზურაბიშვილმა პარტიის ოფისი სამანქანო გასასვლელიდან ავტომობილებით დატოვეს, თუმცა რამდენიმე წუთში მედიასთან ფეხით მიმავალი "ოცნების" კანდიდატი გამოჩნდა. სალომე ზურაბიშვილს პოლიტიკური გუნდიდან არავინ ახლდა, ის ერეკლეს ქუჩაზე შვილთან და დაცვის წევრებთან ერთად გადაადგილდებოდა.

სალომე ზურაბიშვილს მედიასთან არც ის განუმარტავს, როდის შეუერთდა ბიძინა ივანიშვილთან მიმდინარე კონსულტაციებს. როგორც ცნობილია, შეხვედრა „ქართული ოცნების“ ოფისში დილით ადრე დაიწყო და 4 საათს გაგრძელდა.

პარტიის სახელით მედიისთვის განმარტება ბექა დავითულიანმა გააკეთა და თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილი მათთან ერთად არ იმყოფებოდა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პოლიტ საბჭო პირველი ტურის შედეგების გაანალიზებასა და ახალი სტრატეგიის დაგეგმვაზე მუშაობდა. როგორ ჩანს, მეორე ტურის წინაც „ოცნების“ მთავარი ტაქტიკა კვლავ 9 წლიანი მმართველობის კრიტიკა იქნება.

რა დაიგეგმა პოლიტსაბჭოზე და როდის შეუერთდა სალომე ზურაბიშვილი „ოცნების“ ოფისში დღევანდელ კონსულტაციებს, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდის დიდ ნაწილს. მმართველ გუნდში, ამბობენ, რომ პარტიაში მობილიზაციაა გამოცხადებული, თუმცა, როგორი იქნება ბრძოლის სტრატეგია, არ საუბრობენ.

დღის ამბები