27 დეკემბერი 2024,   05:16
ვრცლად
ტრაგიკული შემთხვევა ქედაში - კარიერის აფეთქებას 6 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

ტრაგიკული შემთხვევა აჭარაში - ქედის რაიონის სოფელ დოლოგანში ქვის კარიერის აფეთქებას 6 წლის ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. მცირეწლოვანი კარიერის მიმდებარე ტერიტორიაზე, 100 მეტის დაშორებით მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში იმყოფებოდა. თვითმხილველების ინფორმაციით პატარას კარიერის დამუშავებისას ქვა მოხვდა.

„შემოვარდა სახლში ქვები, ჩემი გოგო და შვილიშვილი კიდევ სახლში მყავს, ამათმა გრძნობა დაკარგეს, გაითიშნენ. ჩემს ქმარს დავურეკე, რა მოხდა, სახლში ქვები შემოვარდა და ბავშვები ცუდად მყავს მეთქი, მაგას ჩივიხარო? გეგა აღარ გვყავსო. გავიქეცი სახლიდან,“-აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველმა ნაზიკო მიქელაძემ. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ კომპანია უსაფრთხოების წესების დაცვის გარეშე მუშაობს. მომხდარის შემდეგ სამუშაოების მწარმოებელი თურქული კომპანიის წარმომადგენლები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ კრიმინალისტები. ქედის მერიაში ვერ აკონკრეტებენ რომელი კომპანია ახორციელებდა ქვის კარიერის სამუშაოებს, ასევე ადგილობრივ მუნიციპალიტეტში ვერც იმას აცხადებენ ჰქონდა თუ არა მას სამუშაო ლიცენზია.

„კრიმინალისტები მუშაობენ ადგილზე და ალბათ დაზუსტდება რის გამო იყო. ჩვენ ინფორმაცია ჯერ ჯერობით არ გვაქვს უსაფრთხოების ზომების დარღვევა იყო თუ აფეთქების მუხტიდან გამომდინარე იყო. ამაზე  მუშაობს საგამოძიებო სამსახურები. მე ადგილზე არ დამხვედრია კომპანიის წარმომადგენლობა აქ. ჩემი ინფორმაციით ახალი შემოსული კომპანიაა,“-განაცხადა ქედის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან გორგილაძემ
გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

 

  

დღის ამბები