22 დეკემბერი 2024,   10:00
ვრცლად
სავარაუდო კავშირი ე.წ. ქურდულ სამყაროსთან - საპატრულო პოლიციის უფროსის წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი შედის

„შაბათის კურიერის“ რეპორტაჟი შესაძლოა კიდევ ერთი ხმაურიანი საქმის დაწყების მიზეზი გახდეს. ოპოზიცია ფიქრობს, რომ თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის და მისი სიმამრის საქმიანობა დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. დღეს თემურ კუპატაძის საქმიანობის გამოძიების თხოვნით ლევან ხაბეიშვილმა პროკურატურას მიმართა. დოკუმენტებით, რომელიც „შაბათის კურიერმა“ მოიპოვა დგინდება, რომ საპატრულო პოლიციის უფროსად კუპატაძის დანიშვნის შემდეგ, მისი სიმამრი ინდუსტრიული ჯგუფის მეწილე გახდა, მალევე კი ამ კომპანიამ შს სამინისტროსგან 300 ათას ლარიანი შეკვეთა მიიღო. ოპოზიციას ეჭვი აქვს, რომ სახელმწიფო დაკვეთებს გავლენიანი პოლიციელის გავლენიანი სიმამრი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მუშაობისთვის იღებს.

გამოძიების დაწყების შემთხვევაში, სავარაუდო კორუფციასთან ერთად, პროკურატურამ უნდა დაადგინოს, რა კავშირი აქვს ქვეყნის მთავრი პატრულის სიმამრს კანონიერ ქურდებთან. ავთანდილ ტაბუცაძისა და კრიმინალური ავტორიტეტების მჭიდრო კავშირის დამდასტურებელი ფოტო და ვიდეო მტკიცებულებები ინტერნეტში მოიპოვა.

საპატრულო პოლიციის უფროსისა და კრიმინალური ავტორიტეტების მჭიდრო კავშირზე „კურიერს“ ყოფილი პატრული უყვება. გია ხალვაში ამტკიცებს, რომ აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსად მუშაობს დროს, თემურ კუპატაძე კრიმინალურ ავტორიტეტებს მფარველობდა.

ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საპატრულო პოლიციის შეფის სიმამრს ოცნებამ წინასაარჩევნოდ სალომე ზურაბიშვილისთვის ხმების მობილიზება ონში დაავალა. არსებობს ვარაუდი, რომ ბიზნესიდან წაღებულ ფულს ტაბუცაძე სწორედ რაჭაში „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ხარჯავდა. 

სიძე-სიმამრის ნაცვლად განცხადება ჟურნალისტებთან შს მინისტრმა გააკეთა. გიორგი გახარია უარყოფს თემურ კუპატაძის კავშირს მისი სიმამრის ბიზნესთან და ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნის ოჯახის გავლენების გამოყენებას კონკრეტული საქმეების დასალაგებლად.

დღის ამბები