პრეზიდენტობის კანდიდატი ამომრჩეველთან შეხვედრებს დაიწყებს - ამის შესახებ განცხადება, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა, გიორგი ვოლსკიმ სალომე ზურაბიშვილის შესახებ გააკეთა.
უმრავლესობის წევრის თქმით, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატი, ამ ეტაპზე, არჩევნებთან დაკავშირებით კონსულტაციებს გადის და ის უახლოეს დღეებში აქტიურად ჩაერთვება საარჩევნო კამპანიაში.
„სალომე ზურაბიშვილიც დაიწყებს რასაკვირველია შეხვედრებს, ჩამოყალიბდება. იგი ახლა ჩვენთან ერთად კონსულტაციებს გადის საარჩევნო სისტემაში ჩართულ საკვანძო ფიგურებთან,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
უკვე ერთი კვირაა სალომე ზურაბიშვილი მედიასთან არ ჩნდება. გასულ სამშაბათს გაკეთებული საჯარო განცხადების შემდეგ ზურაბიშვილს ამომრჩეველთან არც ერთი შეხვედრა არ გაუმართავს. "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი პარტიის ოფისში შეხვედრებს მართავს, თუმცა ჟურნალისტების არაერთი მცდელობის მიუხედავად, ზურაბიშვილი მედიის კითხვებს არ პასუხობს. გავრცელებული ინფორმაციით, ქართული ოცნება შეთანხმდა, რომ ზურაბიშვილი კამერებს მოარიდონ.