22 დეკემბერი 2024,   10:32
ვრცლად
კრიმინალური გარჩევა სენაკის ცენტრში და მძიმედ დაჭრილი მამაკაცი - ერთმანეთს დაჯგუფების წევრები  დაუპირისპირდნენ

კრიმინალური გარჩევა სენაკში - ერთი მამაკაცი ცივი იარაღით მძიმედ დაჭრეს. შემთხვევა ქალაქის ცენტრში დღის 5 საათზე მოხდა. თვითმხილველები ყვებიან, რომ დაპირისპირება სენაკის სადგურის ტერიტორიაზე სკვერში დაიწყო. დაჭრილი აკაკი გვასალია საკუთარი ავტომობილით გაქცევას ცდილობდა, ხელკეტებითა და დანებით შეიარაღებული ჯგუფი მას დაახლოებით 100 მეტრში დაეწია და ქალაქის ცენტრში ჯერ მანქანა ხელკეტებით ჩაუმსხვრიეს, თავად გვასალიას კი დანით გაუსწორდნენ. ახალგაზრდას ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული.

ინციდენტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. თვითმხილველებმა საპატრულო პოლიცია მხოლოდ მამაკაცის დაჭრის შემდეგ გამოიძახეს. ერთ-ერთი ვერსიით, ქუჩური დაპირისპირება ორ ქალაქში კარგად ცნობილ კრიმინალურ ჯგუფს შორის მოხდა. თუმცა, რა გახდა ე.წ. ქურდულ გარჩევის მიზეზი, უცნობია.

დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სენაკის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე კი, საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. მომხდარზე გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს. 

 

ავტორი: ემა გოგოხია 

დღის ამბები