24 აპრილი 2024,   11:27
ვრცლად
"სასაცილო წინასაარჩევნო კამპანია" - ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო პროცესებიდან ჩამოშორებას აფასებს

სასაცილო წინასაარჩევნო კამპანია და საპრეზიდენტო არჩევნები პრეზიდენტობის კანდიდატის გარეშე - ასეთი შეფასებები მოჰყვა ოპოზიციაში სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ბანერებიდან და პროცესებიდან ჩამოშორებას.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ მეორე ტურის წინ გაუგონარ საარჩევნო კამპანიას მართავს.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ხელისუფლება აგონიაშია და ვერ აკონტროლებს რას აკეთებს. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობამ 28 ოქტომბრის არჩევნებზე გადაწყვეტილება უკვე მიიღო, სალომე ზურაბიშვილს უთხრა არა და მხარი გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირა.

„ჯერ იყო და სალომე ზურაბიშვილი მედიისთვის გააქრეს საერთოდ და არა მხოლოდ მედიისთვის, არ გამიგია საერთოდ, რომ მას სადმე შეხვედრა გაემართა ბოლო პერიოდში ან მოსახლეობას შეხვედროდა, ან ამომრჩეველს. ახლა საერთოდ ბილბორდებიდანაც ჩამოხსნეს და მის მაგივრად  რაღაც გაურკვეველი ადამიანების ფოტოები დაიკიდა, რომელსაც ქვევიდან აწერია, რომ ეს სალომე ზურაბიშვილია. საერთოდ, სასაცილო წინასაარჩევნო კამპანია აქვთ, სატირელი რომ არ იყოს. ეს ყველაფერი მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ დღეს ხელისუფლება არის დიაგნოზი რომ დავსვათ, ეს არის აგონიის ბოლო სტადია, როდესაც არ იციან, რა უნდა აკეთონ,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიას აფასებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ევროპული საქართველო - თბილისის” თავმჯდომარეც. გიორგი გაბაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა საზოგადოებაში გაღიზიანებას იწვევს და ამას მმართველი გუნდი კარგად აცნობიერებს.

„მთელი ეს კამპანია მეორე ტურისა, რასაც „ქართული ოცნება“ აწარმოებს, მოწმობს იმას, რომ მმართველი პარტია თავად აცნობიერებს, რომ მათი კანდიდატი არის კატასტროფული. ის არის არაპოპულარული, ის იწვევს მხოლოდ გაღიზიანებას საზოგადოების და მის იდეებს და გამონათქვამებს ხალხი არ ეთანხმება. სწორედ ამიტომაც, დამარცხდა ხელისუფლება პირველ ტურში და დამარცხდება მეორე ტურშიც,“ - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.

ფრაქცია ”ევროპული საქართველო - თბილისის” თავმჯდომარე კი ამბობს, რომ ხელისუფლება ცდილობს ამომრჩეველს დაავიწყოს, ვის ირჩევენ ქვეყნის პრეზიდენტად.

„ახლა არის მცდელობა, ადამიანებს დაავიწყონ გაგანია საარჩევნო კამპანიის დროს ვის არჩევაზეა ლაპარაკი. ამიტომ, სთავაზობენ სხვა სახეებს, ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, პრემიერ მინისტრ ბახტაძის. ესეც სასაცილოა, იმიტომ რომ ეს პერსონებიც და ეს სახეებიც არის უკიდურესად არაპოპულარული ხალხში. ასე, რომ წინასწარ წაგებული თამაშია ნამდვილად ეს, რასაც ჩვენ ვხედავთ,“ - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.

 

 

 



დღის ამბები