11 მაისი 2024,   07:44
ვრცლად
ნახევრად დასჯილი კანონდამრღვევები - საქართველოში რუსი ხელოვანები არ შემოუშვეს, თუმცა შსს-მ მათ წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა არ დაიწყო 

საქართველოს საზღვარი დღეს რუსი ხელოვანებისთვის დაიხურა, ოკუპაციის შესახებ კანონის დამრღვევი რეჟისორები, რომლებიც რუსული კინემატოგრაფიის ფესტივალზე ჩამოვიდნენ, სამშობლოში იმავე რეისით დააბრუნეს, თუმცა ქვეყნიდან გაძევების მიზეზი კანონის სულ სხვა მუხლი გახდა.

სამ რუს ხელოვანს - პროდიუსერ ვლადიმირ პირაჟოკის, კინოჟურნალ ერალაშის სამხატვრო ხელმძღვანელს, ბორის გრაჩევსკსა და მის მეუღლე ეკატერინა ბელოცერკოვსკაიას კანონი ოკუპაციის შესახებ დარღვეული ჰქონდათ.

იმის გამო, რომ სამივე პირს ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული ჰქონდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ისინი ქვეყანაში მოქალაქეობის არმქონე პირების შესახებ კანონის მე-11 მუხლის დარღვევის გამო არ შემოუშვა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა აღიარა, რომ რუსეთის სამ მოქალაქეს ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული ჰქონდა, თუმცა რატომ არ დაიწყო ოკუპაციის შესახებ კანონით გათვალისწინებული პროცედურები, ეს კითხვა გახარიამ უპასუხოდ დატოვა. კანონში კი წერია, რომ კანონდარღვევისთვის სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს.

ნახევრდჩაშლილი ფესტივალის ფარგლებში გრიბოედოვის თეატრში დღეს პირველი კინოჩვენება მაინც გაიმართა. გაიხსნა გამოფენა, სკულპტურა და პოეზია, სადაც რუსმა პოეტმა ვაზგენ ოგანესიანმა რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია არ დაადასტურა და „კურიერის“ ჟურნალისტები ფესტივალის ხელის შეშლაში დაადანაშაულა.

რუსული კინოს ფესტივალი, რომელიც რუსეთის სახელმწიფო საწარმო მოსკოვის საერთაშორისო თანამშრომლობისა და მოსკოვის მთავრობის მხარდაჭერით ტარდება, თბილისში კიდევ ორ დღეს გაგრძელდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები