22 დეკემბერი 2024,   10:30
ვრცლად
ათონელის ქუჩაზე, ახალი პრეზიდენტის რეზიდენციის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობს - შენობა მმართველმა გუნდმა მოინახულა 

ათონელის ქუჩაზე, სადაც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ინაუგურაციის შემდეგ დაიდებს ბინას, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობს.

ორბელიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობს ტექნიკა. ამ ეტაპზე იღებება ფასადები და იცვლება კომუნიკაციები.

დღესვე, ათონელის რეზიდენციის ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ ლიდერები იმყოფებოდნენ. მათი განცხადებით, თავად სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვიტა, რომ პრეზიდენტის რეზიდენცია ათონელის ქუჩაზე იქნება და არა ავლაბარში.

„ოცნების“ ლიდერების თქმით, პრეზიდენტ მარგველაშვილთან დაპირისპირების ერთ-ერთი თემა, სწორედ პრეზიდენტის რეზიდენცია იყო და ასევე აღნიშნავენ, რომ გუნდისთვის პრინციპული საკითხია, სად იქნება ქვეყნის მომავალი პირველი პირი.

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, რეზიდენცია დაათვალიერა და ყველაფერი მოეწონა. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ პრინციპული საკითხია, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი არა ავლაბრის, არამედ ათონელის სასახლეში შევიდეს.

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე ამბობს, სარემონტო სამუშაოები მალე დასრულდება.

„მთლიანად ამ ლოკაციის სამუშაოებს, დაახლოებით, ერთი თვე, თვენახევარი დასჭირდება, რომ მთლიანად რეაბილიტაცია იყოს დასრულებული,“ - განაცხადა კალაძემ.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძეც იმყოფებოდა სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. მისი თქმით, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მივიდა ათონელის ქუჩაზე, რომ „ოცნების“ ლიდერები შეეშვა მომავალი სასახლის ტერიტორიაზე. ჩუბინიძის თქმით, მისი სამსახური ტერიტორიაზე უსაფრთხოებას იცავს.

„მეც მაინტერესებს, როგორ მიდის, რა დონეზე მიდის რემონტი, როდის გვექნება საშუალება სრულფასოვნად შევიდეთ. სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს შიგ კოსმეტიკური, რომელიც დაზიანდა წლების განმავლობაში და მისი შეკეთება არის,“ - განაცხადა ჩუბინიძემ.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ თავად სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვიტა, რომ ათონელის ქუჩაზე იქნება და არა ავლაბრის რეზიდენციაში.

დღის ამბები