22 დეკემბერი 2024,   10:20
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი საპატრიარქოში - საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი 46 მღვდელმთავრიდან რვას შეურიგდა

სალომე ზურაბიშვილი მღვდელმთავრების ნაწილს შეურიგდა - საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის პატრიარქთან დღეს დილით გამართულ შეხვედრას მხოლოდ რამდენიმე მეუფე დაესწრო.

ისინი, ვინც პრეზიდენტობის კანდიდატს ეკლესიაზე თავდასხმის გამო აკრიტიკებდნენ, კვლავ საკუთარ პოზიციაზე რჩებიან.

ექსპერტები, რომლებიც რელიგიურ თემებზე მუშაობენ არ გამორიცხავენ, რომ ეს დაპირისპირება სინოდის შიდა კონფლიქტში გადაიზარდოს და საპატრიარქოს ურთიერთობა ქვეყნის პირველ პირთან კიდევ უფრო დაძაბული გახდეს.

საპატრიარქოში 8 მღვდელმთავარი დილით საგანგებოდ მიიყვანეს. სალომე ზურაბიშვილთან შესახვედრად სინოდის წევრების მხოლოდ ის ნაწილი შეკრიბეს, რომლებიც არჩევნებამდე პრეზიდენტობის კანდიდატის მიმართ კრიტიკული განცხადებებით არ გამოსულან.

ილია მეორემ გამარჯვებული კანდიდატი საკუთარ რეზიდენციაში პირადად მიიწვია. პატრიარქთან ყველა იმ თემაზე ისაუბრეს, რამაც წინასაარჩევნო კამპანიის დროს სინოდის წევრები და „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი ერთმანეთს დააპირისპირა.

ერთ-ერთი მღვდელმთავარი, რომელიც სალომე ზურაბიშვილს მკაცრად აკრიტიკებდა ვანისა და ბაღდათის ეპისკოპოსი იყო. მეუფე ანტონს პოზიცია არც არჩვენების შემდეგ შეუცვლია. ფიქრობს, რომ მაშინაც და ახლაც საკუთარი მოსაზრება ღიად გამოხატა და ამის გამო საპატრიარქოს მაღალი იერარქიის სასულიერო პირების მხრიდან საყვედურს არ ელოდება, თუმცა აცხადებს, რომ შენიშვნის შემთხვევაში მას სინოდის მიმართ დიდი პროტესტი ექნება.

თეოლოგები ამბობენ, რომ ეკლესიისა და ხელისუფლების თანაცხოვრება და პოლიტიკური შეფასებები ჩვეულებრივი ამბავია. ანალიტიკოსების აზრით, ზურაბიშვილი სასულიერო პირებზე ნაწყენია.

სალომე ზურაბიშვილი ბოლო 4 დღეში საპატრიარქოში უკვე მეორედ მივიდა. დღეს ის ამბობდა, რომ სინოდის წევრების დიდ ნაწილს შეხვდა, თუმცა საპატრიარქოში აუდიენციაზე სინოდის 46 მღვდელმთავრიდან მხოლოდ 8 იმყოფებოდა.

დღის ამბები