19 ნოემბერი 2024,   15:20
ვრცლად
არანაირი სამუშაო ჯგუფი არ შეიქმნება გრიგოლ ვაშაძესთან სალაპარაკოდ - მმართველი გუნდის პასუხი ოპოზიციას

ქუჩაში გამოსულ ადამიანებსა და გაერთიანებულ ოპოზიციას ხელისუფლება უარს ეუბნება - მმართველი პარტია არ აპირებს არც მოლაპარაკებას, არც არჩევნების შედეგების გაუქმებას და არც საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას.   

გრიგოლ ვაშაძემ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ ხელისუფლებას დრო 16 დეკემბრამდე მისცა, რათა შექმნან სამუშაო ჯგუფი და პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანის გეგმა ამ სამუშაო ჯგუფის დონეზე იპოვონ. ოპოზიციის ამ განცხადებას მმართველ გუნდში უპასუხეს.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის” მდივანი, ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ სამუშაო ჯგუფი გრიგოლ ვაშაძესთან სალაპარაკოდ არ შეიქმნება.

„არანაირი სამუშაო ჯგუფი არ შეიქმნება გრიგოლ ვაშაძესთან სალაპარაკოდ. გრიგოლ ვაშაძე დამარცხდა, რუსეთი დამარცხდა. რუსეთის ჩეკა დამარცხდა. ვინ უნდა დაჯდეს გრიგოლ ვაშაძესთან სალაპარაკოდ, ჯერ თვითონ ფუნქციურად ვინ არის გრიგოლ ვაშაძე? იმდენ პატივსაც არ სცემენ, რომ მის გამოსვლებს ხელი არ შეუშალოს მიხეილ სააკაშვილმა. დღეს პროცესი მიდის, როგორც მიხეილ სააკაშვილს უნდა ისე, „ნაციონალურ მოძრაობაში“ და ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციაში და მიხეილ სააკაშვილი ეს არის დევნილი ადამიანი. მიხეილ სააკაშვილს ჩვენი მართლმსაჯულება ეძებს იმისთვის, რომ დააკავოს, ჩამოიყვანოს და ჩასვას ციხეში. ამ ადამიანთან ჩვენ არანაირი მოლაპარაკებას არ ვაპირებთ. კრიმინალ, სახელმწიფო დამნაშავე მიხეილ სააკაშვილთან ხელისუფლება არანაირ მოლაპარაკებას არ აპირებს,“ - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

შეთავაზების შესახებ განცხადება გააკეთა ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა, გიორგი ვოლსკიმ, რომელიც ამბობს, რომ  ოპოზიციას 780 ათასი ადამიანი, რომელთაც მხარი გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირეს, შეცდომაში შეჰყავს.

„არ გულისხმობენ ისინი მოლაპარაკებას სახელიფოს ხვალინდელ დღეზე, ისინი მოლაპარაკებას გულისხმობენ ვაშაძის გაპრეზიდენტების და ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე და იმაზე, რომ ქვეყანაში არ არსებობს მილიონ 150 ათასი ადამიანი, რომელმაც სხვა არჩევანი გააკეთა და მთელი აქცენტი კეთდება იმაზე, როგორმე 780 ათასი ადამიანი, მათი მხარდამჭერები შეიყვანონ შეცდომაში, თითქოს რაღაც ლეგიტიმური გზით მიდიან. ოპოზიციაში იქნება პარტიებიც, იქნება ხალხიც, ვისაც სხვა მოსაზრება აქვს, მაგრამ არ მგონია, რომ ხალხი იყოს, რომელსაც ის სისხლისღვრა უნდა, რომელსაც სააკაშვილი გვთავაზობს და დღეს კარგად დავინახეთ სერიოზული სხვაობა გარკვეულ პოზიციებს შორის,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია, სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ ამბობს, რომ დიალოგი ოპოზიციასთან არ შედგება.

„რა დიალოგი უნდა ვაწარმოოთ რუსეთის მსახურთან, ადამიანთან, რომელმაც გადაწყვიტა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას მიაყენოს შეურაცხყოფა, რომელიც არის სააკაშვილის ხელის ბიჭი, რომელიც არის რუსეთის ინტერესების გამტარებელი. რა დიალოგი შეიძლება ამ ადამიანებთან ვაწარმოოთ,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

გარდა ამისა, თბილისის მერმა კახა კალაძემ და პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „კურიერის“ მიერ დასმულ შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციას სარჩელი შეაქვს,  არ უპასუხეს.

 

 

 

დღის ამბები