22 ოქტომბერი 2024,   22:06
ვრცლად
"ოცნების" მორიგი სკანდალი - ფოფხაძე თქმით, თალაკვაძემ და მდინარაძემ მოსამართლეთა სიაზე კომენტარისგან თავის შეკავება სთხოვეს

აჩიკომ და მამუკამ დამირეკეს და მთხოვეს, რომ განცხადება არ გამეკეთებინა - ამის შესახებ დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ „კურიერთან“ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეების შესახებ გადაწყვეტილებას იღებდა, არჩილ თალაკვაძემ და მამუკა მდინარაძემ დაურეკეს და კომენტარისგან თავის შეკავება სთხოვეს.

ეკა ბესელიას მომხრის განცხადებით, რომელიც „ქართული ოცნების“ წევრებმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გაიწვიეს, „ქართული ოცნების“ ლიდერების პოზიცია იყო, რომ სანამ გუნდი საბოლოო გადაწყვეტილებაზე არ შეჯერდებოდა, დეპუტატების მხრიდან ნეგატიური განცხადებები არ გაჟღერებულიყო.

გედევან ფოფხაძე აღნიშნავს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერისა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მხრიდან ეს იყო უბრალოდ თხოვნა და არა მოთხოვნა.

„იყო ეს პოზიცია, რომ ჩვენ არ გაგვეკეთებინა განცხადება, სანამ გუნდი არ მოილაპარაკებდა რაღაც საკითხებთან დაკავშირებით. მე აჩიკომ და მამუკამ დამირეკეს. არ მოუთხოვიათ, უბრალოდ მთხოვეს, მოთხოვნა სხვა რაღაცაა. სანამ არ შევჯერდებოდით, ნეგატიური კომენტარები არ გაჟღერებულიყო,“- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

"ქართული ოცნების" ლიდერებს შორის ბოლო დაპირისპირება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიას მოჰყვა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა და თქვა, რომ მიზეზი სწორედ უვადო მოსამართლეთა სიაში მყოფი კანდიდატები გახდნენ. 

ეკა ბესელიას განცხადებას არალოგიკური უწოდა პარლამენტის თავმჯდომარემ. სწორედ ამის შემდეგ მმართველი გუნდი რამდენიმე ბანაკად გაიყო. ბესელიას მომხრეები,  მოწინააღმდეგეები და დეპუტატები, რომლებიც არც ერთ ჯგუფს არ მიეკუთვნებიან.

ბესელიას გადადგომის შემდეგ კომიტეტის წევრებმა, კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ეკა ბესელიას გუნდის წევრი გედევან ფოფხაძე აირჩიეს, თუმცა ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრებმა ბესელია რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულეს და გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ ფოფხაძე კომიტეტიდან საერთოდ გაიწვიეს.   

ამავე თემაზე
დღის ამბები