22 ოქტომბერი 2024,   22:05
ვრცლად
"გავაგრძელებ სამართლიანობისთვის ბრძოლას" - ეკა ბესელია სამებაში საზეიმო წირვაზე მარტო მივიდა 

იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე სამართლიანობისთვის ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს - ამის შესახებ განცხადება, ეკა ბესელიამ სამების საკათედრო ტაძარში ყოფნისას გააკეთა. მისი თქმით, ის "ქართული ოცნების" დატოვებას არ აპირებს, თუმცა დამატებით დეტალებს ჟურნალისტებთან უკვე დღეს გაახმაურებს.

იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე საზეიმო წირვაზე მარტო მივიდა. ეკა ბესელია ტაძარში რამდენიმე საათის განმავლობაში მთავრობისთვის გამოყოფილ ადგილას გედევან ფოფხაძესთან ერთად იმყოფებოდა.

"ქართული ოცნების" დაპირისპირებულ ლიდერებს ერთმანეთისთვის დღესასწაული არ მიულოცავთ. 

"გავაგრძელებ სამართლიანობისთვის ბრძოლას. როგორ, ამაზე ვისაუბრებ. ბევრი თანამოაზრე გვყავს,"-განაცხადა ბესელიამ. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, მთავარი საკითხი არის ის მოსამართლეთა სია, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს წარუდგინა. ფოფხაძის თქმით, რაზეც არ უნდა ისაუბროს ეკა ბესელიამ ღირსეული მართლმსაჯულების შექმნის გარდა, ყველაფერი ტექნიკური საკითხია. 

წირვის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობაში არსებულ დაპირისპირებაზე კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძემ სირთულეების დიალოგის გზით მოგვარების აუცილებლობაზე ისაუბრა. კობახიძის თქმით, საუბარი გუნდში პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს და ის მომავალშიც გაგრძელდება. 

დღის ამბები