22 ოქტომბერი 2024,   22:08
ვრცლად
ხშირად ადამიანები ემოციურ ფონზე უშვებენ შეცდომებს და ამას ვხედავთ ჩვენ კონკრეტული დეპუტატების შემთხვევაში დღესაც - კობახიძე ბესელიაზე 

მმართველ გუნდში არსებული დაპირისპირება გრძელდება. უცნობია შეთანხმდა თუ არა ორად გაყოფილი საპარლამენტო უმრავლესობა სადაო საკითხებზე. 

არსებულ ვითარებაზე განმარტებებს კიდევ ერთხელ აკეთებს პარლამენტის თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ  ბესელიას თანამდებობიდან წასვლაზე საუბარი იმაზე ადრე დაიწყო, ვიდრე ეკა ბესელია მიუთითებს. მისი თქმით, უთანხმოება ეკა ბესელიასა და მმართველი გუნდის ნაწილს შორის აგვისტოში, მოსამართლეთა სიის პარლამენტისთვის წარდგენამდე დაიწყო. 

ირაკლი კობახიძე იხსენებს, რომ ეკა ბესელიას ვიცე-სპიკერის პოსტი შესთავაზეს, მისთვის კაბინეტიც კი მზადდებოდა, თუმცა ეკა ბესელია ამ შეთავაზებას არ დათანხმდა.  

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ის ბესელიასთან დიალოგისა და მოლაპარაკებებისთვის მზად არის.

„აქ ვდგავართ ჩვენ ზუსტად იმ კაბინეტი წინ, რომელიც იყო გამზადებული ქალბატონი ეკა ბესელიასთვის. რომლის მომზადება დაიწყო სექტემბერში, გამომდინარე აგვისტოში მიღებული გადაწყვეტილებიდან და ბუნებრივია, აგვისტოში საერთოდ არ იყო აქტუალური სასამართლოს თემა. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება არავითარ კავშირში არ იყო სასამართლოს საკითხებთან.

აქედან გამომდინარე, არასწორია როდესაც ასე უკავშირებენ რაღაც გარემოებას იმას, რასთანაც მას არ აქვს რეალურად კავშირი. კიდევ ერთხელ, მე ყველას მოვუწოდებ, მთავარია შეცდომები არ დაუშვან. ხშირად ადამიანები ემოციურ ფონზე უშვებენ ხოლმე შეცდომებს და ამას ვხედავთ ჩვენ კონკრეტული დეპუტატების შემთხვევაში დღესაც. მე მათ მოვუწოდებ, ნუ აჰყვებიან ემოციებს, ნუ იმოქმედებენ ემოციების საფუძველზე და ასეთ შემთხვევაში, ისინი არ დაუშვებენ შემდგომ შეცდომებს,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები