07 მაისი 2024,   11:00
ვრცლად
"შოუ ვერ შედგა" - ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებს პასუხობს 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 5 წლით გადადებას შეეხება, არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ეხმაურება.

ჯანეზაშვილისთვის გამოთქმული კრიტიკა და ბრალდებები მიუღებელია და ამბობს, რომ მათი კითხვების ადრესატები თავად საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები უნდა ყოფილიყვნენ.

მისივე განცხადებით, იუსტიციის საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე, რომელსაც 150 მოსამართლე ესწრებოდა, საბჭოს მოსამართლე წევრებმა „შოუს“ დადგმა სცადეს, რაც მისი შეფასებით, არ შედგა.

„რაც შეხება დღევანდელ შეხვედრას, მიმაჩნია, რომ ეს შოუ ვერ შედგა, რომელიც მათ დაგეგმეს. ვფიქრობ, რომ დღევანდელი სხდომა დასტური იყო იმისა, რომ მოსამართლეთა ე.წ. ერთიანობა, რომელიც დგას, მხოლოდ და მხოლოდ, კლანის ინტერესებზე, ღაფავს სულს,“ - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

არამოსამართლე წევრისთვის გაუგებარია, რატომ სთხოვდნენ პასუხს მოსამართლეთა გასვლით შეხვედრაზე, საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით.

ნაზი ჯანეზაშვილი განმარტავს, რომ ინიციატივის მხარდაჭერა არ ნიშნავს იმას, რომ მოსამართლეებმა პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში დეტალური პასუხი მიიღონ მისგან უნდა აღნიშნულ საკანონდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით.

„ეს ფორმატი, რომელიც დღეს შედგა, ჩვენთან შეთანხმებული არ ყოფილა. მე მქონდა ერთადერთი ინფორმაცია ის, რომ იქნებოდა გასვლითი შეხვედრა და ნამდვილად არ მქონდა იმის შესახებ ინფორმაცია, თუ რამდენი ადამიანი დაესწრებოდა და არც ის ვიცოდი, რომ კითხვები იქნებოდა ჩემი მისამართით, რადგან მე არ ვარ კანონპროექტის ავტორი და მოსამართლეებს შეუძლიათ წავიდნენ და პარლამენტის წევრებს დაუსვან შეკითხვები. ამა თუ იმ აზრის გაზიარება არ ნიშნავს, რომ მე უნდა გავცე პასუხი მათ იმ საკითხებზე, რომელიც მე არ მომიმზადებია,“ - ამბობს ჯანეზაშვილი.

არამოსამართლე წევრებმა კრიტიკა ეკა ბესელიას საკანონმდებლო ინიციატივის მხარდაჭერის გამო დაიმსახურეს, რომელიც პირველ და მეორე ინსტანციაში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 2025 წლამდე გადადებას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები