გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა გიორგი ბარამიძემ, სალომე სამადაშვილმა და ირაკლი ქავთარაძემ, დემოკრატ ცენტრისტთა საერთაშორისო გაერთიანების (CDI) დელეგაციასთან შეხვედრა გამართეს, რომლის შემადგენლობაშიც გაერთიანების პრეზიდენტი ანდრეს პასტრანა, გენერალური მდივანი ანტონიო ლოპეს ისტურისი და რეგიონალური კოორდინატორი სესარ როსელო იყვნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის მიმდინარე აქტუალური საკითხები, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და რეგიონალური გამოწვევები.
„მოხარულები ვიყავით გვემასპინძლა დემოკრატ ცენტრისტთა საერთაშორისო გაერთიანების პრეზიდენტისა და გენერალური მდივნისათვის, რომლებიც ძალიან აქტიურად არიან ჩართულები საერთაშორისო პროცესებში, მათ შორის, იმ ქვეყნებში, სადაც რუსეთი ცდილობს სხვა და სხვა მეთოდებით გაიტანოს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. აღიარების პროცესები და ჩვენ ვალდებულები ვართ არა მარტო სახელმწიფო დონეზე, არამედ პარტიების დონეზეც აქტიურები ვიყოთ იმისათვის, რომ ეს არ დავუშვათ," - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ.