19 ნოემბერი 2024,   09:21
ვრცლად
„სადაც წავა მიხეილ სააკაშვილი, ყველგან მივდივართ," - "კურიერის" კამერამ რომში ის ადამიანები დააფიქსირა, რომლებსაც ლიეჟში გამართული შეხვედრის ჩაშლა სურდათ  

რომში, სასტუმროსთან, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და ემიგრანტების შეხვედრა იმართება, ემიგრანტების ნაწილი და ის პროვოკატორები არიან შეკრებილები, რომლებსაც აღნიშნული ღონისძიების ჩაშლა სურთ. ეს ადამიანები სასტუმროსთან საპროტესტო შინაარსის პლაკატებით მივიდნენ და შეხვედრაზე დასწრება მოითხოვეს.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, ქალაქში უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებულად დაცულია. იმის გამო, რომ მათი აქცია არ იყო ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სანქცირებული, პოლიციამ ისინი გზის მეორე მხარეს გადაამისამართა.

გარდა ამისა, „კურიერის“ კამერამ ის ადამიანები დააფიქსირა, რომლებიც ლიეჟში გამართულ შეხვედრაზეც იმყოფებოდნენ და პროვოკაციის მოწყობას ცდილობდნენ. ადგილზე მისული ადამიანების უმეტესობა, კამერის წინ გამოჩენისა და კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.

„სადაც წავა მიხეილ სააკაშვილი, ყველგან მივდივართ. გადაეცით გვარამიას, ციხეში უნდა დალპეთ,“ - ამბობს ერთ-ერთი მათგანი.

ადგილზე მისული ზოგიერთი ადამიანი ამბობს, რომ ტერიტორიაზე „სეირის საცქერად“ მივიდა.

ქართველი ემიგრანტების შეხვედრა მიხეილ სააკაშვილთან გრძელდება. რომში ქართველები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ. შეხვედრაზე საუბარი გაიმართება საქართველოს მომავალზე, ასევე იქნება ინტერაქცია მიხეილ სააკაშვილთან. 

 

 

დღის ამბები