პარლამენტში შიდა გადანაწილება გრძელდება. მას შემდეგ, რაც უმრავლესობა დღეს მირიან წიკლაურმაც ოფიციალურად დატოვა, რეგლამენტის მიხედვით დაიშალა საპარლამენტო უმცირესობაც. რაც შეეხება თავად წიკლაურს და სხვა „სოციალ-დემოკრატებს,“ ისინი საკუთარ დეპუტატებს „პატრიოტებთან" გააერთიანებენ და ისე შექმნიან ახალ ფრაქციას.
ამ წუთებში კი უმრავლესობის დარჩენილი წევრები პარტიის ოფისში არიან შეკრებილები და ბიძინა ივანიშვილთან მართავენ კონსულტაციებს. სხდომა უკვე ორი საათია მიმდინარეობს.
დღესვე, ცნობილი გახდა, რომ უმრავლესობას დატოვებს გია ჟორჟოლიანი და ის "პატრიოტთა ალიანსის" რიგებს შეუერთდება.
„ჩვენ ვქმნით ასეთ ფრაქციას და ამ ფრაქციის ფარგლებში ვიმუშავებთ პარლამენტში, როცა იქნება პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები.“ ჩვენ ვიმუშავებთ პარლამენტში პრაქტიკულად, როგორც სოციალ-დემოკრატები, ოღონდ ერთობლივად ვიმუშავებთ საპარლამენტო ფრაქციაში,“ - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
ჟორჟოლიანი ადასტურებს, რომ მათთან ერთად იქნება მირიან წიკლაურიც, ხოლო რაც შეეხება ბექა ნაცვლიშვილს, დეპუტატი აცხადებს, რომ ნაცვლიშვილი უმრავლესობიდან შედარებით ადრე გავიდა და მან პარლამენტში დამოუკიდებლად დაიწყო მუშაობა.
„ბექა ადრე გავიდა და ბექამ დამოუკიდებლად დაიწყო ეს მუშაობა და გააგრძელებს ამ მუშაობას, თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან მჭიდროდ, კოორდინირებულად ვიმუშავებთ ბექასთან,“ - აცხადებს ჟორჟოლიანი.