პარლამენტში, სკანდალური სხდომების ფონზე მმართველი გუნდი პარტიის ლიდერთან რამდენიმე საათის განმავლობაში როსტომ მეფის სასახლეში იყო შეკრებილი. „ქართული ოცნების“ წევრებს პარტიის დამფუძნებლისთვის ქვეყნის უდიდესი საფინანსო ჯგუფის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმის და უმწვავეს ბრალდებებთან დაკავშირებით შეკითხვა არ დაუსვამს. დღეს უმრავლესობის წევრები მხოლოდ მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე მსჯელობდნენ.
მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მას ბიზნესის განადგურებით შს მინისტრი ემუქრებოდა და მას ამის დამადასტურებელი წერილიც აქვს, რომელიც სწორედ გიორგი გახარიასგან მიიღო.
სხდომის დასრულების შემდეგ, რომელიც 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა, „ქართული ოცნების“ წევრები მხოლოდ იმას აცხადებდნენ, რომ გასარკვევია, მიიღო თუ არა ნამდვილად მამუკა ხაზარაძემ წერილი და თუ მიიღო, რატომ არ წარუდგინა დოკუმენტი პარლამენტარებს.
„ვიდრე გიორგი გახარიასთან შეკითხვები გაჩნდება, მანამდე მის მიმართ ბრალდების ავტორმა უნდა განმარტოს დეტალები. მე შემიძლია ნებისმიერ ადამიანზე ვთქვა, რომ მივიღე მისგან წერილი და მეტი არაფერი ვთქვა. ეს არ უნდა იყოს რაღაცის საფუძველი. მე შემიძლია, გავიმეორებ, ვთქვა რომ კონკრეტული ადამიანისგან მივიღე მუქარის შემცველი წერილი და შემდეგ უარი განვაცხადო ამ საკითხის დეტალიზაციისგან,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, ვიქტორ ჯაფარიძე ამბობს, რომ გიორგი გახარიას კეთილსინდისიერებაში ეჭვი არ ეპარება.
„მამუკა ხაზარაძემ რაც თქვა, რატომ გგონიათ, რომ რადგან მამუკამ თქვა, აპრიორი მართალია. მოუსმინეთ გიორგი გახარიასაც. მე გიორგი გახარიას კეთილსინდისიერებაში და პატიოსნებაში ვარ დარწმუნებული. ყოველ შემთხვევაში, არ მჯერა,“ - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.
გარდა ამისა, არანაკლებ მტკივნეული იყო კიდევ ერთი თემა, რომელიც შეხვედრაზე სავარაუდოდ განიხილეს. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მდიდარი წევრი შოთა შალელაშვილი ამ ეტაპზე პარტიის რიგებში რჩება, თუმცა კიდევ ერთი უკმაყოფილო დეპუტატი პარლამენტის სპიკერის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების შემთხვევაში, ირაკლი კობახიძის გადადგომას მხარს დაუჭერს.