19 ნოემბერი 2024,   09:19
ვრცლად
„არსებობს სერიოზული შეშფოთება, საქართველოდან შვედეთში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობამ მოიმატა - შვედეთის შს მინისტრი

საქართველოდან შვედეთში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვმა საგრძნობლად მოიმატა, რაც დარეგულირებას საჭიროებს - ეს განცხადება, შვედეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა. ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელთა შეხვედრა მიმდინარეობს.

საზღვრის დაცვა და თავშესაფრის მინიჭების სისტემა არის მთავარი თემა ევროკავშირის წევრები ქვეყნების შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების ორდღიან შეხვედრაზე ბრიუსელში.

შვედეთის შს მინისტრი, მორგან იოჰანსონი „კურიერთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოდან თავშესაფარში მაძიებელთა რიცხვი გაიზარდა.

„არსებობს სერიოზული შეშფოთება. საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობამ შვედეთში ბოლო თვეებში კიდევ უფრო მოიმატა. არაერთხელ წამოვწიეთ ეს საკითხი ქართველ კოლეგებთან შეხვედრაზე და ვფიქრობ, რომ კიდევ წამოვწევთ. რაც შეეხება დანაშაულს, მაჩვენებელმა დაიწია, რადგან საზღვარზე კონტროლი შემოვიღეთ. ეს მათთვის ქვეყანაში შემოსვლას ართულებს. არცერთი ქართველისთვის არ მიგვინიჭებია თავშესაფარი. მათ უკან ვაგზავნით, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ისევ ბრუნდებიან და 3-4 თვე რჩებიან. ზოგი მათგანი დანაშაულს ჩადის, რაც ჩვენთვის პრობლემაა. ევროკავშირის შიგნით ჯერ არ ვიცით, რა სტრატეგიას გამოვიყენებთ, თუმცა რამდენიმე გზას განვიხილავთ,“- განაცხადა შვედეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მორგან იოჰანსონმა.

კურიერთან“ კომენტარი ევროკომისარმა მიგრაციის, შინაგან საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში, დიმიტრის ავრამოპულოსმაც გააკეთა.

„საქართველოსთან ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ. ქვეყნის ხელისუფლება კარგ საქმეს აკეთებს. რა თქმა უნდა, ჯერ ბევრი რამაა გასაკეთებელი, მაგრამ აქ იმიტომ ვართ, რომ დავეხმაროთ მას ვალდებულებების შესრულებაში,“- აღნიშნა ავრამოპულოსმა.

დღის ამბები