ბიზნეს ინტერესები, თბილისის გენერალურ გეგმაში - „ნაციონალური მოძრაობა”, თბილისის საკრებულოს უმრავლესობას კერძო პირთა ბიზნესინტერესების გატარებაში ადანაშაულებს.
თბილისის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის წევრები, დოკუმენტის მხარდაჭერას არ გეგმავენ.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, თბილისის გენერალური გეგმა, რომელიც 1200 გვერდიდან 80 გვერდამდე შემცირდა, არის არა დედაქალაქის, არამედ კახა კალაძის და მისი მეგობრების ბიზნეს გეგმა.
„როცა დედაქალაქის ურბანული მიმართულება აბარია ბიზნესმენებს, კონკრეტულად ურბანული კომისიის ხელმძღვანელი, ბატონი სოხაძე არის ყოფილი დეველოპერი, როდესაც ურბანული სამსახურის უფროსიც არის ყოფილი დეველოპერი, მშენებელი და ის ბიზნესის ინტერესებს უფრო ითვალისწინებს, ვიდრე თბილისელების, საბოლოო ჯამში, ჩვენ ვიღებთ გეგმას, რომელიც 1200 გვერდიდან გამოშიგნეს და დატოვეს 80 გვერდი. საბოლოო ჯამში ვღებულობთ არა თბილისის გენერალურ გეგმას, არამედ კახი კალაძის და მისი მეგობრების ბიზნეს გეგმას,“-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ოპოზიციის ბრალდებებს, უარყოფენ თბილისის საკრებულოს უმრავლესობაში და აცხადებენ, რომ ახალი გენერალური გეგმა ისტორიული მნიშვნელობისაა და ის ნებისმიერი პირის ინტერესებს აკმაყოფილებს.
„არ მგონია, რომ ბიზნესი სალანძღავი სიტყვა იყოს და ჩვენ აუცილებლად უნდა დავიცვათ, როგორც ბიზნესის ინტერესები, ასევე ჩვენი ქალაქის და მაცხოვრებლების ინტერესები. თუ წლების განმავლობაში, მაშინ, როდესაც ჩვენი ოპონენტები იყვნენ ხელისუფლებაში, მხოლოდ კონკრეტული ჯგუფების ინტერესების გატარება ხდებოდა, დღეს მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საზოგადოების ინტერესები იყოს დაცული, როგორც გენგეგმაში, ასევე ყველა იმ ქმედებაში, რომელსაც ქალაქის მუნიციპალიტეტი ახორციელებს,“-აცხადებს თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე.