ბიზნესმენების განცხადებებს, რომელიც ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლას ეხება, ბიზნესომბუდსმენი ეხმაურება. ირაკლი ლექვინაძე თვლის, რომ ბოლო დღეებში ერთმანეთის პარალელურად გაკეთებული განცხადებები გარკვეული ჯგუფების მიერ არის ორკესტრირებული.
რაც შეეხება კონკრეტულად კომპანია "ფრესკოს" დამფუძნებლის, ვასილ სოფრომაძის განცხადებას, რომელიც ფინანსთა სამინისტროს რეკეტში ადანაშაულებს - ლექვინაძე ამბობს, რომ მან სოფრომაძეს ჯერ კიდევ პირველი განცხადების შემდეგ შესთავაზა შეხვედრა, თუმცა მისივე სურვილით კომუნიკაცია არ შედგა.
”საუბარი იმაზე, რომ ვინმე ვინმეს ატერორებს, ვინმე ვინმეს ქონებას ართმევს, ვფიქრობ, რომ ეს ორკესტრირება, რომელსაც ჩვენ ეს ბოლო დღეები ვხედავთ და გარკვეულწილად არის მხარდაჭერილი გარკვეული ჯგუფების მიერ, მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება გარკვეული ჯგუფის ინტერესებს. მაშინ, როდესაც იყო ეს განცხადებები ჩენ გვქონდა კომუნიკაცია ბატონ ვასილთან, მაშინ არ შედგა ჩვენს შორის შეხვედრა იმიტომ, რომ თვითონ მისი მხრიდან არ გამოითქვა სურვილი ჩვენთან შეხვედრის. მისი მოწოდების შინაარსი, რომელიც გუშინ გავრცელდა სწორედ იყო ის სულისკვეთება, რაც მე გითხარით, რომ მან მოუწოდა პოლიტიკოსებს, რომ ნუ უშლიან ხელს ბიზნესის ნორმალურ ფუნქციონირებას და ნუ მოუწოდებენ. მან თქვა კონკრეტულ უწყებასთან დაკავშირებით გარკვეული საკუთარი მოსაზრებები, თქვა, რომ აქვს ფაქტები. დიდი სიამოვნებით კიდევ ერთხელ ზეპირ განცხადებებზე გამიჭირდება რაიმე კონკრეტიკის თქმა იმიტომ, რომ მზად ვარ გავიარო დეტალურად, მინიმუმ გვქონდეს ჩვენი პოზიცია და მაქსიმუმ ვიმოქმედოთ,“ - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
TBC-ის შემდეგ, ბიზნესის რეკეტთან დაკავშირებით სკანდალური განცხადება გააკეთა „ფრესკოს“ დამფუძნებელმა. ასევე ვიდეო-მიმართვა გაავრცელა ბიზნესმენმა თამაზ ელიზბარაშვილმა, რომელიც ხელისუფლებას ასევე ზეწოლაში ადანაშაულებს.