გაერთიანებული ოპოზიცია განათლების სამინისტროს მიერ სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომელსაც პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე მხარი დაუჭირეს.
ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ 2011 წლის შემდეგ განათლების ბიუჯეტი ორჯერ გაიზარდა, თუმცა, მოსახლეობა ფულს სასკოლო განათლების ხარისხის და სანდოობის გაუარესებაში იხდის.
პოლიტიკური პლატფორმა ახალი საქართველოს განათლების მიმართულების ხელმძღვანელმა, ნანა ტოხვაძემ, ჟურნალისტებს 2018 წლის კვლევის შედეგები წარუდგინა, რომლის მიხედვით, მხოლოდ მე-12 კლასელების მშობლები შვილების განათლებაში ორჯერ მეტ გადასახადს იხდიან.
მისი თქმით, სკოლის ხარისხი მოთხოვნებს ვერ პასუხობს.
ოპოზიცია პარლამენტს მოუწოდებს, განათლების სამინისტროს ინიციატივებზე შესაბამისი განმარტებებები მოსთხოვოს და მთავრობის ნოტარიუსის ფუნქცია არ შეასრულოს.
„თუკი ჩვენ ვამბობთ, რომ განათლება არის პრიორიტეტი, ეს მწვავე საკითხები, რომელიც გაორმაგებული ბიუჯეტის პირობებში, ქართულმა ოცნებამ ვერ შეასრულა. ეს დანაპირები და პოზიტიურად შეფუთული მესიჯბოქსი ქართული ოცნების მხრიდან არის მორიგი სიცრუე, რასაც სტატისტიკა და უახლესი კვლევები გვთავაზობს. ჯერ პასუხები გვინდა პრემიერმინისტრისგან, რა გაკეთდა 2012 წლიდან დღემდე და შემდეგ უკვე იმ პოზიტიური მესიჯებისა და გზავნილების მოსახლეობისთვის შეჩეჩება, რომელიც სრული სიცრუეა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს რომ სიმართლე იყოს, ბიუჯეტის მეოთხედის განათლების სისტემაში ჩადება იქნებოდა ძალიან კარგი და პოზიტიური ნაბიჯი,“ - განაცხადა ნანა ტოხვაძემ.