ზვიად კუპრავამ სასამართლო პროცესზე თავი პოლიტპატიმრად გამოაცხადა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხნენ. მოწმეები ის პოლიცილები არიან, ვისთანაც კუპრავას შელაპარაკება სასამართლოს ბუფეტში მოუვიდა.
კუპრავას თქმით, მისი ციხეში ყოფნა ხელისუფლების მოთხოვნა. "რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი ამბობს, რომ მისი პატიმრობაში დატოვება პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 2 ივნისს პარლამენტის ტრიბუნიდან პირადად მოითხოვა.
„მე და ჩემმა მეგობრებმა ვინც დარბაზშია ერთ დღეში გადავაყენეთ, ვაიძულეთ მთავარი პროკურორი, რომ გადამდგარიყო თანამდებობიდან და ეს ჩემი აქ ყოფნა არის დღეს შურისძიება პროკურატურის იმ გარემოებიდანა გამომდინარე - ეს ერთი. ამის შემდეგ 2 ივნისს ირაკლი კობახიძემ, ქვეყნის მეორე პირმა, საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან გააკეთა უმწვავესი განცხადება, ბრალდებები ჩემთან მიმართებაში და მოითხოვა პირდაპირ ჩემი პატიმრობაში ყოფნა - ეს მეორე ფაქტორი. ასევე სალომე ზურაბიშვილი, რომელიც დღეს პრეზიდენტად იწოდება იგივეს აკეთებდა პერმანენტულად ანუ “facebook” გვერდზე, ასევე დეპუტატები ეკა ბესელია, კახა კალაძე თბილისის მერი, სოფო კილაძე, ანრი ოხანაშვილი და ა.შ. შესაბამისად ჩემი აქ ჯდომა რაიმე დანაშაულიდან გამომდინარე კი არ არის, ჩემი აქ ჯდომა გამომდინარეობს იქიდან, რომ ეს ბატონები ხელისუფლებაში ვინც იმყოფებიან, მათ შორის პროკურატურის წარმომადგენლები დაინტერესებულნი იყვნენ ჩემი პატიმრობით,“ – განაცხადა ზვიად კუპრავამ.
პოლიტიკურ შურისძიებაზე საუბრობს დაცვის მხარეც. ადვოკატს დასტურად მოწმეთა ჩვენებები მოჰყავს, რომელიც მისი თქმით, ერთმანეთს არ ემთხვევა.
„მოწმეების გამოკითხვით დადასტურდა, რომ ეს მოწმეები არიან ერთგვაროვან ჩვენებებს იძლევიან და ეს ჩვენებები არის შეთანხმებული, მათ შორის ამ დღევანდელ განსახილველი პროცესის დაწყებამდეც. აგრეთვე არის იქ განსხვავებებიც, რომელ განსხვავებებზეც ჩვენ გვექნება აპელირება და შესაბამისად მაგას უკვე შევთავაზებთ, როგორც ამ მოწმეების ჩვენებების გამომრიცხავ საფუძველს,“ - აცხადებს ადვოკატი ლევან დავითაია.
პროკურორის განცხადებით კი კუპრავას მხრიდან მოსამართლის შეურაცხყოფის ფაქტი დღევანდელ პროცესზე ყველა მოწმემ დაადასტურა.
„აქ ბუნებრივია ჩვენ დეტალურად ვერ ვისაუბრეთ მიცემული ჩვენებების შინაარსზე, თუმცა ცალსახად შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ თითოეულმა დაკითხულმა მოწმემ დაადასტურა ბრალდებულის მხრიდან კონკრეტული მოსამართლის შეურაცხმყოფელი ფრაზების წარმოთქმის ფაქტი,“ - განაცხადა პროკურორმა დავით კიკაჩეიშვილმა.