19 ნოემბერი 2024,   09:25
ვრცლად
ძიუდოისტი, რომელმაც ქვეყანა 2020 წლის ოლიმპიადაზე უნდა წარადგინოს, ცოლზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს

ცნობილი ქართველი ძიუდოისტი, რომელმაც ქვეყანა 2020 წლის ოლიმპიადაზე უნდა წარადგინოს, გლდანის ციხეში ცოლზე ძალადობის ბრალდებით აღმოჩნდა.

22 წლის თორნიკე ნაგლიაშვილს დაკავებამდე სამართალდამცველებმა შემაკავებელი ორდერი ცოლზე ძალადობის ბრალდებით გამოუწერს, თუმცა, ის პოლიციის გაფრთხილებას არ დაემორჩილა და 19 წლის მეუღლეს თავის მოჭრით ემუქრებოდა.

საქმის მასალებით დგინდება, რომ ნაგლიაშვილი 19 წლის მეუღლეზე სისტემატურად ძალადობდა, რის გამოც, სამართალდამცველებმა შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს.

ქართველი ძიუდოისტისთვის sms-შეტყობინებებში ცოლს თავის მოჭრით ემუქრებოდა, რაც პოლიციამ სიცოცხლის მოსპობის მუქარად ჩათვალა და თორნიკე ნაგლიაშვილი დააკავა.

თორნიკე ნაგლიაშვილს მარნეულის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. მისი ადვოკატი ამტკიცებს, რომ საქმეში მისი დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს.

ძიუდოისტის ოჯახი დუმს. დღეს კურიერის გადამღებ ჯგუფს სახლში არავინ დახვდა. ბრალდებულის დედა კი სატელეფონო საუბრისას აცხადებს, რომ კონფლიქტი ცოლ-ქმარმა თავად უნდა მოაგვაროს.

თორნიკე ნაგლიაშვილმა, ოჯახური კონფლიქტის გამო, ვერ იასპარეზა საქართველოს პირველობისთვის. ის ვერც ევროპის ტურნირზე გაემგზავრა შვეიცარიაში.

ძიუდოს ფედერაციაში იმედოვნებენ, რომ სპორტსმენს მალე გაათავისუფლებენ. ფედერაციამ შუამდგომლობით პროკურატურას უკვე მიმართა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება მუქარისა და ოჯახური ძალადობის ფაქტზე დაიწყო. ნაგლიაშვილი უკვე სასჯელაღსრულების ნომერ მე-8 დაწესებულებაში იმყოფება.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ძიუდოისტს 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დღის ამბები