ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით ექსპერტების შეფასებებს პარლამენტის თავმჯდომარე აკრიტიკებს.
ირაკლი კობახიძისთვის მიუღებელია ექსპერტების შეფასება, რომლებმაც განაცხადეს, რომ რეალურად ივანიშვილმა ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებით კობახიძის და გახარიას ფრთის დაბალანსება სცადა.
„ჩვენ გვყავს 5 ექსპერტი, რომლებსაც ჰქვია მთელი ამ წლების განმავლობაში ექსპერტი. თითოეული მათგანი არის ერთგვარი ვანგა ქართულ პოლიტიკაში, რომელთა არცერთი პროგნოზი დღემდე არ გამართლებულა,“ - ამბობს კობახიძე.
პარლამენტის თავმჯდომარის კრიტიკა ყოფილმა თანაგუნდელმა არმაზ ახვლედიანმაც დაიმსახურა.
არმაზ ახვლედიანმა განაცხადა, რომ პირველი შეხვედრა ირაკლი ღარიბაშვილსა და ირაკლი კობახიძეს შორის ცუდად დაიწყო, რის შემდეგაც ყოფილმა პრემიერმა თქვა, რომ კობახიძის ნახვა აღარ სურდა.
„არმაზ ახვლედიანი საერთოდ აღარ იყო ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, პარტიაში, როდესაც მე დავიკავე აღმასრულებელი მდივნის თანამდებობა და, როდესაც მე მოვედი ამ პარტიის ხელმძღვანელობაში, შესაბამისად, მისი კომენტარი არის მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაცია,“ - განაცხადა კობახიძემ.