თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი კრწანისის სამხედრო ბაზაზე მომხდარ ფაქტებს ეხმაურება.
საქმე ეხება ფულის გამოძალვასა და ცემას, რომელზეც წვევამდელები საუბრობენ და რომელშიც სამხედრო ბაზის მაღალჩინოსნები ფიგურირებენ.
ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ თავდაცვის უწყება მიზანმიმართულად ანგრევს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ინსტიტუტს. მისი თქმით ე.წ. დედოვშინას გარდა ჯარში ბევრი სხვა პრობლემაც არსებობს, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო ვეღარ მალავს - ესენია კვება და ფორმა, რომელიც ჯარისკაცებს არ აქვთ.
„უკვე მიზანმიმართულად ანგრევენ ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ინსტიტუტს, რომლის მშენებლობასაც პირადად მე ბევრი დრო შევალიე. ყველაზე მთავარი რასაც ჯარში კლავენ, ეს არის სულისკვეთება. ჯარი გადააქციეს ტურისტულ სააგენტოდ, როდესაც დიდი ჩალიჩი გჭირდება იმისთვის, რომ ავღანეთში წახვიდე. ეს ხდება იმ პირობებში როდესაც მათი მეხოტბეები, მათი პროპაგანდისტები ამბობენ, რომ რუსებმა თუ 500 მეტრი გადმოიწიეს, ეს არანაირი პრობლემას არ წარმოადგენს. შარშან მაგალითად 9 ოფიცერი დააკავეს ავღანეთში, მაღაზიების ქურდობისთვის. ამაზე არავის ხელმძღვანელობიდან პასუხი არ უგია. თვითონ იმ ადამიანებსაც კი, გირაოთი გაათავისუფლეს. არ ვიცი ბოლოს როგორ დამთავრდა საბოლოოდ სასამართლო. პრობლემებია კვებასთან დაკავშირებით, პრობლემებია ფორმასთან დაკავშირებით და სულისკვეთებაზე უკვე აღარაფერს აღარ ვიძახი. ეს პრობლემები, რომელიც გამოდის და რომელიც ეხება დედოვშინას და ე.წ. გავლენიანი ადამიანების თავისი სტილით მმართველობას, რომელიც არ არის დაფუძნებული არანაირი კანონზე, არანაირი წესზე, არანაირი წესდებაზე, ყოველდღიური გახდება. იმიტომ რომ ვეღარ დაიმალება,“-განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
ავტორი: ნინო გაზდელიანი