ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ახალგაზრდის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებას, საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, პასკალ მენიე ეხმაურება.
პასკალ მენიეს შეფასებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებები უხეშად ირღვევა. ელჩი იმედოვნებს, რომ გამოძიება მომხდარს დაადგენს და გაირკვევა, რა მოხდა რეალურად.
„პირველ რიგში, მინდა გულწრფელად მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს. ყოველ ჯერზე, როდესაც ადგილი აქვს მსგავს შემთხვევებს, ეს წარმოადგენს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. უაღრესად შეშფოთებულები ვართ. დიდი იმედი გვაქვს, რომ გამოძიება, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს, იქნება გამჭირვალე კეთილსინდისიერი და დადგინდება რეალობაში რა მოხდა. იმიტომ რომ მედიიდან ძალიან სხვადასხვაგვარი ინფორმაცია მოდის, მაგალითად თვითმკვლელობის, სასტიკად ცემის თუ სხვა ფაქტების შესახებ, რაც გარკვეულ დაბნეულობას იწვევს. თუმცა ფაქტი, რომ ახალგაზრდის გარდაცვალება მოხდა რუსეთის სამხედრო ბაზაზე, არის საგულისხმო ინფორმაცია და საჭიროა გამახვილდეს ყურადღება,“ - აცხადებს პასკალ მენიე.
29 წლის ირაკლი კვარაცხელია რუსმა ოკუპანტებმა შაბათს დააკავეს, ხოლო მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ორი დღის წინ გახდა ცნობილი.
ირაკლი კვარაცხელია, ოკუპანტებმა სოფელ თაგილონისა და ნაბაკევის საოკუპაციო საზღვართან დააკავეს და რუსულ სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს. საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, დაკავებულმა თავი ჩამოიხრჩო.
"კურიერს" კი გალში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქე უყვება, რომ ახალგაზრდა მამაკაცს გული დაკითხვისას გაუსკდა. არსებული ინფორმაციით, ირაკლი კვარაცხელიას სხეულზე დაზიანებები აღენიშნება.