„ჩემი გაოცება გამოიწვია იმან, თუ მართლაც რაოდენ ცოტა დრო დაუთმეთ რუსეთზე საუბარს. მე ეს მაგონებს ბავშვის სტრატეგიას, რომელიც ურჩხულს ხედავს და თვალებს ხუჭავს, იმიტომ, რომ არ იცის როგორ გაუმკლავდეს ამ გამოწვევას ,“ - ეს განცხადება, პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე სამადაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის მისამართით გააკეთა.
სალომე სამადაშვილმა პარლამენტში დავით ზალკალიანს 2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის წარდგენის შემდეგ მიმართა. ოპოზიციონერი დეპუტატი მინისტრს საერთაშორისო არენაზე აქტიურობისკენ მოუწოდებს.
„საქართველოს მეგობრის მიერ დაწერილი რეზოლუციაც კი, როგორიც მიიღო ევროპარლამენტმა და დაწერა საქართველოს ძალიან დიდმა მეგობარმა, არ საუბრობს სანქციებზე საქართველოსთან მიმართებაში იმიტომ, რომ ამაზე არ საუბრობს საქართველოს ხელისუფლება, სანამ არ ისაუბრებს ამაზე საქართველოს ხელისუფლება, ამას არავინ სხვა არ გააკეთებს,“ - განაცხადა სამადაშვილმა.
სალომე სამადაშვილი დაინტერესდა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მძიმე სიტუაციიდან გამომდინარე, ხომ არ გეგმავს მინისტრი ზალკალიანი კარასინი-აბაშიძის ფორმატის გაუქმებას. სამადაშვილის განცხადებით, აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაუქმება საქართველოს მხრიდან რუსეთისთვის სიგნალი იქნება.
„მე მიჩნდება შთაბეჭდილება, რომ კარასინი-აბაშიძის ფორმატის არსებობა, პირიქით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რუსეთთან ურთიერთობებს. თქვენი შეფასება, ხომ არ უნდა შეწყდეს საერთოდ ეს შეხვედრები, როგორც სიგნალი იმის, რომ ძალიან მძიმედ არის ვითარება რეალურად იმიტომ, რომ რუსეთი ხან ხალხს გვიხოცავს, ხან თითს გვიქნევს და მუშტს გვიღერს, რომ არც გაბედოთ ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ფიქრიო,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
სალომე სამადაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთოს დასკვნაზეც სთხოვა პოზიციის დაფიქსირება.
„გვესაუბრებით ინსტიტუციურ დემოკრატიაზე - იცით, რუსეთში არსებობს სუვერენული დემოკრატიის ცნება და თქვენ ახლა ინსტიტუციურ დემოკრატიას თუ დაარქმევთ დემოკრატიას, ეს არაფერს არ შეცვლის იმაში, რომ დემოკრატიის ძალიან საწყისი და მნიშვნელოვანი, ერთადერთი მთავარი პრინციპი არის, რომ ადამიანებს უნდა მიეცეთ თავისუფლება არჩევანის არჩევნებში. მსგავსი შეფასებები უქმნის თუ არა საფრთხეს საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, როგორიც არის ეუთოს დასკვნა,“ - განაცხადა სამადაშვილმა.