დედაქალაქის მერიამ გენერალურ გეგმაში ცვლილებები მას შემდეგ შეიტანა, რაც „კურიერმა“ ბოტანიკური ბაღის ნაწილისთვის, ზონალური სტატუსის შეცვლაზე სიუჟეტი მოამზადა - ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობიდან" საკრებულოს დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა გააკეთა.
საუბარია, 14 ათასზე მეტ კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზე, რომელიც ბოტანიკური ბაღის კუთვნილებაა, თუმცა მას გენგეგმის მიხედვით, ზონალური სტატუსი ეცვლებოდა.
ტერიტორია ზუსტად ბიძინა ივანიშვილის ეზოს მომიჯნავედ მდებარეობს, სწორედ ამიტომ ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ დედაქალაქის მერია ბიძინა ივანიშვილის ინტერესების გატარებას ცდილობდა.
ვიცე-მერი, მაია ბითაძე კი ამტკიცებს, რომ პროექტში ტექნიკური ხარვეზი იყო. დღეს ხაბეიშვილმა ბითაძეს ჰკითხა, ადასტურებდა, თუ არა, რომ გუშინ ბიძინა ივანიშვილის მეზობლად მდებარე 14 500 კვ. მეტრს რეკრეაციული ზონა 2-ის სტატუსი ედო. რაზეც მას ბითაძემ უპასუხა, რომ გენგეგმაში ეს ხარვეზი უკვე შვიდი თვეა არის.
ხაბეიშვილის კითხვაზე, „ხომ სწორი მითქვამს?“ ბითაძე პასუხობს: „კი, მაგრამ აბსოლუტურად ტყუილია, ის მოსაზრებები, რაზეც საუბრობდით, ვარაუდები და ა.შ.“.
ბითაძე „კურიერთან“ საუბრისას კი აცხადებს, რომ გენგეგმაში არსებული ცდომილების შესახებ რამდენიმე თვის წინ გაარკვიეს. კითხვაზე, მაშინ რატომ მიაწოდეს ინფორმაცია „სითი ინსტიტუტს“ მხოლოდ გუშინ, მას შემდეგ, რაც ინფორმაცია "კურიერში" გავიდა, ბითაძე პასუხობს: „ცდომილების შესახებ გავიგეთ რამოდენიმე თვის წინ. მე ერთ რამეს ვადასტურებ, თუ გნებავთ ამოვიღოთ „სითი ინსტიტუტის“ მიერ თავდაპირველად შემოტანილი დოკუმენტი, რაც გასწორდა, მაგრამ ონლაინ ტასზე არ იქნა გასწორებული.“
ასევე კითხვაზე, თუ რატომ უარყო გუშინ მერიამ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ივანიშვილის სასახლის მეზობლად ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე სტატუსი იცვლებოდა, ბითაძე ამბობს, რომ გუშინ მათ მხოლოდ ის განაცხადეს, რომ ამ ტერიტორიაზე უფლებრივი ზონირების მიხედვით, რეკრეაციული ზონა 2-ის მიუხედავად, მშენებლობა მაინც ვერ განხორციელდებოდა.
კითხვაზე, რატომ დამალეს გუშინ ხარვეზის არსებობა, თუ ეს ხარვეზი მართლაც იყო, ბითაძე ცინიკურად პასუხობს:
"იმიტომ დავმალეთ, რომ ეს იყო ძალიან დასამალი საკითხი და ამიტომ დავმალეთ"-ამბობს ბითაძე.
ხაბეიშვილი კი ამბობს, რომ ივანიშვილის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის გარდა, ზონალური სტატუსი შეეცვალა კიდევ რამდენიმე ათეულ რეკრეაციულ ზონას. მისი მტკიცებით, ამ მიწის ნაკვეთების მფლობელების სახელები და გვარები "ქართულ ოცნებას" უკავშირდება.
გენერალურ გეგმაში ხარვეზის არსებობის არ სჯერა საკრებულოს ფრაქცია ”ევროპული საქართველო - თბილისის” თავმჯდომარის მოადგილესაც. დავით ჟღენტი ამბობს, რომ "ქალაქის მერია ქალაქის გენგეგმის პროექტით ბიძინა ივანიშვილის ხუშტურების შესრულებას ცდილობს."