ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საოკუპაციო ხაზთან შექმნილ მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთა. როს უილსონის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას საერთაშორისო თანამეგობრობა, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მონიტორინგს უწევენ. მისი შეფასებით, „ბოლო დროს განვითარებული მოვლენები შემაშფოთებელია."
ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ოკუპირებულ გალში 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას საეჭვო ვითარებაში გარდაცვალებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის უმძიმესი ფაქტია.
„ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები საკმაოდ შემაშფოთებელია. ჩვენი სურვილია, რეგიონში იყოს სიმშვიდე, რომ მსგავსი მოვლენები აღარ გაგრძელდეს და იყოს დეტალურად გამოძიებული. ის ფაქტი, რომ გატაცებული ახალგაზრდა საეჭვო ვითარებაში დაიღუპა მაშინ, როცა დაკავებული იყო, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის უმძიმესი ფაქტია. ცხადია, რომ ეს არის რუსების და საოკუპაციო რეჟიმის ქმედების შედეგი. ყველასთვის გასაგებია, რომ მსგავსი ნაბიჯები ქართული ხმარის დასუსტებას ემსახურება,“ - განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, როს უილსონმა.
ოკუპირებულ რეგიონში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიას სხეულზე არაერთი დაზიანება აღმოაჩნდა.
ირაკლი კვარაცხელია რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის გამო დააკავეს და ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს.