დაპირისპირება იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურებთან დაკავშირებით მსჯელობას ცხარე კამათი მოჰყვა.
ერთმანეთს ევროპული საქართველოს წევრი, ოთარ კახიძე და ოცნების დეპუტატი, ვანო ზარდიაშვილი, დაუპირისპირდნენ.
სასამართლოში კლანურ მმართველობაზე საუბრისას დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა მოსთხოვა ოთარ კახიძეს, დაესახელებინა, ვინ იძლეოდა მითითებებს სასამართლო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით წინა ხელისუფლების დროს.
„სულ ვეძებ პასუხს, იმ 9 წლის განმავლობაში ვინ აძლევდა სასამართლოს დავალებას. გეხვეწები, პოლიტიკური გამოცდილებაც გაქვს, პოლიტიკური ალღოც გაქვს, პასუხების გაცემაც შეგიძლია, ახლავე და აქვე დაასახელე სახელი. ვერ ასახელებ? გეშინია დასახელების? თუ ვერ იძახი ასე სახალხოდ, მაშინ ნუ ჭორაობ, სახელი და გვარი მითხარი,“ - მიმართა ზარდიაშვილმა ოთარ კახიძეს.
ოცნების დეპუტატის პასუხად ოთარ კახიძემ აღნიშნა, რომ სასამართლოს სათავეში ზუსტად ის ადამიანები არიან, ვინც წინა ხელისუფლების დროს მუშაობდნენ.
„შენ რომ ამაზე აქტიურობ, ძალიან გასაოცარი ამბავია იმიტომ, რომ პროკურორები წერდნენ გამოცდისთვის წესიერად და სასამართლოში მათ მიერ გაგზავნილი დოკუმენტები ვერ უძლებდა ვერანაირ კრიტიკას. სასამართლოში შენი ჯგუფი რომელიც არის, მზად იყო, რომ ნებისმიერი შუამდგომლობა დაეკმაყოფილებინა. სასამართლო ხელისუფლება მზად იყო, პროკურატურიდან წასული ნებისმიერი ტიპის შუამდგომლობა დაეკმაყოფილებინა. მზად იყო, ნებისმიერ დადგენილებაზე დაესვა ბეჭედი. მზად იყო, ნებისმიერი საპროცესო შეთანხმება დაემტკიცებინა და არ ატარებდა არავითარ ფილტრის ქვეშ პროკურატურის მოქმედებას. ამ სასამართლოს მაშინაც მის სათავეებში ვინც იყო, იგივე ხალხი არის მის სათავეებში დღეს, ამიტომ ეს ადამიანები ჩემს ნდობას არ იმსახურებენ. კონკრეტულად ვისი დავალება იყო, მისი სახელი და გვარი შენ, ვანო, შეგიძლია, შინაურულად ჰკითხო მიხეილ ჩინჩალაძეს, ჰკითხო ლევან მურუსიძეს, დავალებებს ვისგან იღებდი-თქო. მე ამას ვერ გეტყვი, ჩემგან ნამდვილად არ იღებდნენ, არც დავსწრებივარ, დავალებებს როგორ იღებდნენ,“ - ამბობს ოთარ კახიძე.
მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის კრიტერიუმების განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მიმდინარეობს. კომიტეტზე სამ ალტერნატიული კანონპროექტზე უნდა იმსჯელონ. ერთი კანონპროექტის ინიციატორი ირაკლი კობახიძე და მისი გუნდია. მეორეს კი - ევროპული საქართველოს წევრები.
საკანონმდებლო ინიციატივა ასევე აქვთ წარდგენილი ეკა ბესელიას და მის გუნდს, თუმცა, ბესელიამ გუშინ დააანონსა, რომ დღევანდელ განხილვას არ დაესწრებოდნენ.
საპრეოცედურო საკითხთა კომიტეტის გუშინდელ სხდომაზე დეპუტატებმა ევროპული საქართველოს და ეკა ბესელიას კანონპროექტები ჩააგდეს და მხარი მხოლოდ ირაკლი კობახიხის საკანონმდებლო ინციატივას დაუჭირეს.