19 ნოემბერი 2024,   09:21
ვრცლად
"თუკი ბესელიას მიაჩნია, რომ მისი ყოფილი მოადგილე არ უნდა იყოს პარლამენტში, მაშინ ეყოს გამბედაობა და დატოვოს მანდატი" - ანრი ოხანაშვილი

„ქვეყანას არ სცალია ახლა ჭორაობის მოსასმენად, მით უმეტეს, ქალბატონი ეკას ჭორაობის და ტყუილების მოსასმენად,“ - ანრი ოხანაშვილი ეკა ბესელიას ყველა ბრალდების ფაქტებით დადასტურებას სთხოვს.

ამის შესახებ მან გადაცემა არჩევანში საუბრისას განაცხადა და თქვა, რონ ბესელიამ ტყუილი თქვა, როცა განაცხადა, რომ ვაზო ზარდიაშვილი და მამუკა მდინარაძე გარკვეულ საქმეებს ალაგებდნენ.

მისი თქმით, ეკა ბესელია ამდენი ხნის განმავლობაში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო, თუმცა, მას პროტესტის არ გამოუთქვამს და მისი მოადგილეები არასოდეს გაუკრიტიკებია.

ოხანაშვილი იმასაც ამბობს, რომ გუნდის შიგნით ბესელიას პრობლემებზე არ უსაუბრია. ოხანაშვილის თქმით, შეიძლება, ბესელიას წასვლის მიზეზი სწორედ ის იყო, რომ მისი ინტერესები არ დაკმაყოფილდა. 

„შეიძლება, მიუღებლობა გქონდეს შენს მოადგილესთან, ფრაქციის ლიდერთან და მაინც გუნდში რჩებოდე? ან იტყუები ან კიდევ ამახინჯებ ფაქტებს. შეგვიძლია, შევაბრუნოთ საკითხი, ხომ არ ამოძრავებდა ვიწრო სუბიექტური ინტერესები და  ამ სუბიექტური ინტერესების დაკმაყოფილება ხომ არ გახდა მიზეზი მისი წასვლის?“ - აცხადებს ოხანაშვილი.

კითხვაზე, როცა ვანო ზარდიაშვილმა ბესელიას უთხრა, რომ „ხელებზე ფულის სუნი ასდის“, ნიშნავდა თუ არა ეს კორუმპირებულობის ბრალდებას და, თუ ეს ასეა, რატომ არ ითხოვენ უმრავლესობის წევრები ბესელიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას. 

ოხანაშვილი ამბობს, რომ დანაშაულს არავინ მალავს და, რომ ჰქონდეს კონკრეტული დანაშაულის მტკიცებულებები, ამას მიაწვდიდა გამოძიებას. 

"სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს თუ არა, ეს კონკრეტული ორგანოების კომპეტენციაა. ისე ნუ წარმოაჩენთ, რომ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს რაღაც და მე არ ვამბობ," - აცხადებს ოხანაშვილი.

​ოხანაშვილი ფიქრობს, რომ ბესელიას, რომელიც მის ყოფილ მოადგილეებს აკრიტიკებს, არ აქვს მორალური უფლება, დარჩეს პარლამენტში. 

„თუკი ბესელიას მიაჩნია, რომ მისი ყოფილი მოადგილე არ უნდა იყოს პარლამენტში, მაშინ ეყოს გამბედაობა და მართლაც უნდა გადადგას ეს ნაბიჯი,“ - განაცხადა ოხანაშვილმა. 

დღის ამბები