22 დეკემბერი 2024,   06:09
ვრცლად
ბოკუჩავა წულუკიანს - რა ინფორმაციას ფლობთ რითიც აშანტაჟებთ ივანიშვილს?

თქვენ აშანტაჟებთ ბიძინა ივანიშვილს, რადგან იცით ბევრი რამ - ამ განცხადებით, ენმ-ს წევრმა თინა ბოკუჩავამ, პარლამენტში მისულ იუსტიციის მინისტრს მიმართა. თინა ბოკუჩავას თქმით, სწორედ ამ მიზეზით თეა წულუკიანი თავს უფლებას აძლევს, რომ ულტიმატუმით ესაუბროს პრემიერ-მინისტრს.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, თეა წულუკიანი ფლობს ისეთი სახის ინფორმაციებს, როგორიც არის ეროსი კიწმარიშვილის ბურუსით მოცული მკვლელობა, "რუსთავი 2" -ის საქმე და ვანო მერაბიშვილის საკნიდან ფარულად გამოყვანა.

„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის რომ ნომინალურ პრემიერს მამუკა ბახტაძეს თქვენ არ დააშანტაჟებდით, თქვენ აშანტაჟებდით ბიძინა ივანიშვილს და მაღალი ალბათობით თქვენ ფლობთ ინფორმაციას რომელიც მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისთვის რეჟიმის გავლენის შესანარჩუნებლად. სავარაუდოდ, თქვენ გაქვთ იმის ფუფუნება, რომ დააშანტაჟოთ ქვეყნის მთავარი მმართველი იმიტომ რომ ფლობთ ინფორმაციას მათ შორის იმაზე თუ როგორ გაიყვანა თქვენმა დანიშნულმა ბოტასების ქურდმა ფარცხალაძემ საკნიდან ვანო მერაბიშვილი.

თქვენ ფლობთ ინფორმაციას იმაზე თუ როგორ გაიტაცეს ქართულმა სპეცსამსახურებმა თბილისის ცენტრიდან ჟურნალისტი აფგან მუხთარლი. ფლობთ ინფორმაციას  მათ შორის შესაძლოა ეროსი კიწმარიშვილის ძალიან ბუნდოვან გარემოებებში გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ფლობთ ინფორმაციას იმაზე თუ ხელისუფლების სხვადასხვა შტოები როგორ უნისონში მოქმედებდნენ იმისთვის რომ ივანიშვილს ხელში ჩაეგდო "რუსთავი 2". როგორ „ალაგებს“ საქმეებს უჩა მამაცაშვილი. აი ამიტომ ვფიქრობთ და ამიტომ არის მნიშვნელოვანი საზოგადოებამ იცოდეს და საზოგადოების მიმართ მინიმალური პატივისცემა რომ გქონდეთ, დიახ, გააჟღერებდით თუ რა საბაბი გაქვთ იმის, რა ინფორმაციას ფლობთ ასეთს, რის გამოც თქვენ თავს აძლევთ იმის უფლებას, რომ ქვეყნის მთავარი მმართველი, მაფიოზი შეიძლება ითქვას აშანტაჟოთ პირდაპირ ეთერში,“-განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

თეა წულუკიანი პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში იმყოფება. ის დეპუტატების შეკითხვებს სამი საათიდან პასუხობს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები