19 ნოემბერი 2024,   09:21
ვრცლად
უკიდურესი გაჭირვება და სამუშაო სიცოცხლის რისკის ფასად - მოქალაქეებს ენგურს გადაღმა გადასვლა მიზერული ანაზღაურების სანაცვლოდ უწევთ

ოკუპაციის და ხელოვნური ბორდერიზაციის კიდევ ერთი მძიმე შედეგი. აფხაზეთიდან დევნილები და სამეგრელოში მცხოვრები ადგილობრივები შემოსავლის წყაროს კარგავენ.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ მკაცრად შეზღუდული გადაადგილების თავისუფლების გამო საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს ბოლო დროს დასაქმების შესაძლებლობა მკვეთრად შეუმცირდა.

აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები იძულებულები არიან, მიზერული ანაზღაურების სანაცვლოდ, სიცოცხლის რისკის ფასად, ენგურის გადაღმა სამუშაოდ გადავიდნენ. 

აფხაზეთიდან დევნილი ერთ-ერთი მოქალაქე მესამე სტადიის სიმსივნით არის დაავადებული და ქიმიოთერაპიის კურსს თვეებია, უსახსრობის გამო ვეღარ აგრძელებს. მას ფიზიკურად შრომა უწევს. ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო მცდელობისას მავთულხლართებს მიღმა ვერ გადავიდა.

„ისედაც შიშის ქვეშ ვიყავით, ისედაც იმის განცდით, რომ ვინ მოგვკლავდა არ ვიცოდი, ვინ დაგვიჭერდა არ ვიცოდი, რა მოხდებოდა არ ვიცოდი, მაგრამ მაინც რისკზე მივდიოდი, რომ ორი კაპიკი მაინც მეშოვა, რომ საჭმელი შემეჭამა,“ - ამბობს აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქე.

გაჭირვების გამო საკუთარი სიცოცხლის გარისკვა ბევრს უწევს. ოკუპირებულ აფხაზეთში სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების დასამუშავებლად, ხილის მოსაკრეფად გადადიან. თუმცა საგაზაფხულო სამუშაოების მიუხედავად, მათ უფრო და უფრო იშვიათად ქირაობენ, რადგან სამეურნეო სამუშაოებისთვის, ფულის გადახდა ადგილობრივებსაც არ შეუძლიათ. 

 

ავტორი: ემა გოგოხია

დღის ამბები