19 ნოემბერი 2024,   09:21
ვრცლად
ევროკავშირის მწვავე შეფასებები და რეკომენდაცია "ქართული ოცნების" ხელისუფლებას - "კურიერმა" დოკუმენტი მოიპოვა

ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლების გასაკრიტიკებლად ემზადება. „კურიერმა“ გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე დოკუმენტი მოიპოვა, რომელშიც უკვე ჩამოთვლილია ყველა ის პრობლემა, რომელსაც ევროპელი პოლიტიკოსები ქართული დემოკრატიის გამოწვევად მიიჩნევენ.

ევროპარლამენტარები ეუთოს დასკვნაზე დაყრდნობით ბოლო არჩევნებზე ზეწოლის, მუქარისა და ძალადობის ფაქტებზე საუბრობენ. სამუშაო ვერსიაში გამოყენებულია ტერმინი - ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება.

დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი კომიტეტზე ევროპელმა და ქართველმა დეპუტატებმა 27-28 მარტს უნდა მიიღონ. „კურიერის“ ინფორმაციით, მთავარი გზავნილები ამ დოკუმენტში არ შეიცვლება.

ასოცირების კომიტეტის შეფასებები საქართველოში არასამთავრობოების შეფასებებს ემთხვევა. „სამართლიანმა არჩევნებმა“ დღეს საპრეზიდენტო არჩვენების მონიტორინგის საბოლოო შედეგები წარადგინა. საუბარია ამომრჩევლის მოსყიდვის უპრეცედენტო მასშტაბზე, ზეწოლა-მუქარის მზარდ ტენდენციასა და ძალადობის ფაქტებზე.

მარტის ბოლოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე ოპოზიცია გეგმავს, რომ საბოლოო განხილვაზე დოკუმენტში კიდევ უფრო მკაცრი ფორმულირება მოითხოვოს, მათ შორის მედიის თავისუფლების ნაწილში.

დოკუმენტის არსებული ვარიანტი ხელისუფლებას ახსენებს, რომ მედიის თავისუფლება ფუნდამენტური უფლებაა და საქართველოში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ძლიერი და პლურალისტური მედიაგარემო. ევროპარლამენტარების ყურადღების მიღმა არც საეჭვო რეპუტაციის მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხი რჩება.

ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი გმობს საქართველოს მოქალაქეების, დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობებს სოხუმსა და ცხინვალში. დოკუმენტში საუბარია ოკუპირებულ გალში, რუსულ სამხედრო ბაზაზე საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიაზეც.

ამავე თემაზე
დღის ამბები