19 ნოემბერი 2024,   09:24
ვრცლად
ნინო გვენეტაძემ თანამდებობა, სავარაუდოდ, დაპატიმრების შიშით დატოვა - მთავარი მოსამართლის ყოფილი თანაშემწე ალაპარაკდა

კურიერმა პირადი საუბრებით ქვეყნის მთავარი მოსამართლის ბუნდოვანი გადადგომის გარემოებები დაადგინა.

ირკვევა, რომ ნინო გვენეტაძემ გადადგომის შესახებ განცხადება დალუქულ კონვერტში ჩადო და მის თანაშემწეს უთხრა, რომ გზავნილი მხოლოდ მას შემდეგ გაეხსნა, რაც საქართველოს დატოვებდა. როდესაც გვენეტაძემ ქვეყანა დატოვა, კონვერტი გახსნეს და აღმოჩნდა, რომ მან თანამდებობა დატოვა. 

რატომ წავიდა გვენეტაძე, პირველად ხანგრძლივი დუმილის შემდეგ ამ თემაზე ქვეყნის მთავარი მოსამართლის თანაშემწე ალაპარაკდა.   

კახა წიქარიშვილი ამბობს, რომ ნინო გვენეტაძემ წნეხს ვერ გაუძლო და შეეშინდა.

გადადგომამდე თავის გარემოცვასთან ქვეყნის მთავარი მოსამართლე ბოლოს უკვე იმასაც ამბობდა, რომ კლანთან დაპირისპირება შესაძლოა, ფიზიკურ ანგარიშსწორებამდე მისულიყო.

გვენეტაძის ყოფილი თანაშემწე აცხადებს, რომ ქართული სასამართლო სისტემა ახლა ორად არის გაყოფილი. მისი თქმით, საერთო სასამართლოებს ანუ საქალაქო და სააპელაციო ინსტანციებს ბოლომდე ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანი აკონტროლებს. ამ დაჯგუფებას ქვეყნის მთავარ უზენაეს სასამართლოზე გავლენების მოპოვება უჭირდა. წიქარიშვილის განცხადებით, სწორედ ბოლო ინსტანციისთვის ბრძოლის გზაზე ერთ-ერთი ბარიერი ნინო გვენეტაძე იყო, რომელიც მოიშორეს.

ნინო გვენეტაძის თავმჯდომარეობის დროს მოსამართლეთა საგამოცდო ტესტებმა გაჟონა, ნინო გვენეტაძესთან დაახლოებულმა ერთ-ერთმა კონკურსანტმა პასუხები ზედმიწევნით გადაწერა, მაშინ გამოძიება დაიწყო. სამოქალაქო სექტორი ალაპარაკდა, რომ გვენეტაძეს ბრალის წაყენების შიშით აშანტაჟებდნენ და ამის გამო კი ქვეყნის მთავარმა მოსამართლემ თანამდებობა დატოვა.

ამ სკანდალის ფონზე ნინო გვენეტაძემ სასამართლო სისტემის ნაკლოვანებებზე საჯაროდ საუბარი შეწყვიტა.

იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრები საზოგადოებას არწმუნებენ, რომ გვენეტაძის წასვლაში, რომელმაც ოფიციალურ მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა, საეჭვო არაფერია.

ქვეყნის ყოფილი მთავარი მოსამართლე ქვეყანაში დაბრუნდა, თუმცა, ნინო გვენეტაძე  კამერებს ისევ ემალება

დღის ამბები