19 ნოემბერი 2024,   09:25
ვრცლად
"ქართულმა ოცნებამ" შუალედურ არჩევნებში მერობის კანდიდატები დაასახელა 

"ქართული ოცნების" გადაწყვეტილება ცნობილია - ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მერობის ის კანდიდატები დაასახელა, რომლებიც ზუგდიდის, ხულოს, ჭიათურის, მარნეულისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში დანიშნულ შუალედურ არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას.

ზუგდიდში კენჭს გიორგი შენგელია, მარნეულში - ზაურ დარგალი, ზესტაფონში გიორგი გოგლიჩიძე, ჭიათურაში გივი მოდებაძე, ხოლო ხულოში ვახტანგ ბერიძე იყრის. 

ვახტანგ ბერიძე ხულოს მერის პირველი მოადგილე იყო და ასევე, ასრულებდა მერის მოვალეობას.

რაც შეეხება ზუგდიდის კანდიდატს, გიორგი შენგელია პირველი ზუგდიდის მერის მოადგილე იყო. ის მერის მოვალეობასაც ასრულებდა მას შემდეგ, რაც ქრთამის აღების შესაძლო ფაქტზე ლაშა გოგია და მისი მოადგილე, გია გულორდავა დააკავეს.

„წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ გვჯერა, კეთილსინდისიერად და თავისი პროფესიონალიზმით მოემსახურებიან ჩვენს მოსახლეობას. ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ ამ ადამიანებს კარგად ესმით ზუგდიდის, ზესტაფონის, ჭიათურის, ხულოს და მარნეულის საჭიროებები და შესწევთ უნარი, რომ წარმატებით იზრუნონ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე, ქალაქის და სოფლის განვითარებაზეც,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

დღესვე ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის შუალედურ არჩევნებში, მთაწმინდის ოლქში კენჭს ექიმი ლადო კახაძე იყრის. 

კანდიდატების წარდგენამდე "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ შუალედური არჩევნები 2019 წლის 19 მაისს ჩატარდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები