ქუთაისის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ერთმანეთს ოპოზიციონერი დეპუტატი, გიგა შუშანია და უმრავლესობის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. კამათში ჩაერთო ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია.
საკრებულოს სხდომაზე დაპირისპირება ქუთაისის ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების განხილვას მოჰყვა. გიგა შუშანიას თქმით, ქუთაისის ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებები ბიუროკრატიულ ხარჯებს ზრდის.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ქალაქის მერმა უპასუხა. გიორგი ჭიღვარიამ შუშანიას პოლიტიკური წარსული შეახსენა. მერის თქმით, შუშანია სხვის ჯიბეებში ქექვას მიჩვეულია. გიორგი ჭიღვარიას ამ განცხადებას "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის მხრიდან პროტესტი მოჰყვა.
საკრებულოს სხდომაზე გიგა შუშანიამ ტექნიკური უნივერსიტეტის მშენებლობის დაგვიანებაც გააპროტესტა. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, საკრებულომ დამატებით 8000 კვადრატული მიწა კომპანიას კანონდარღვევით გადასცა, რადგან იმ ადგილზე ქარხანა ტერიტორიის გადაცემამდე განთავსდა.
მისივე განცხადებით, მშენებლობის პროცესი საგრძნობლად გაიწელა. გიგა შუშანიას თქმით, ტერიტორიაზე მხოლოდ ბაყაყების ყიყინი ისმის და საეჭვოა, რომ ოდესმე ქუთაისმა 60 ათასი სტუდენტი მიიღოს.
გიგა შუშანიას განცხადებას ქალაქის მერმა უპასუხა. გიორგი ჭიღვარიას თქმით, 15 მაისისთვის დასრულდება პირველი კორპუსის მშენებლობა, რომელიც 7-სართულიანი იქნება.
,,რაც შეეხება სამშენებლო სამუშაოების გაწელილ პროცესს, ამის მიზეზი ისაა, რომ დაიდო ხელშეკრულება მიუნხენის უნივერსიტეტთან, რის შედეგადაც მოგვიწია პროექტის გადაკეთება. მიმდინარეობს სამუშაოები, ყველაფერი ხარისხიანი იქნება. სტუდენტებს პირველად 2020 წელს მივიღებთ,"- განმარტა გიორგი ჭირვარიამ.