ავიაკომპანია Georgian Airways-ის გენერალურ დირექტორად რომან ბოკერია დაინიშნა. კომპანიის ახალი გენერალი დირექტორი მედიის წარმომადგენლებს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, თამაზ გაიაშვილმა წარუდგინა.
ბიზნესის მართვის სპეციალისტს, რომან ბოკერიას ამერიკის შეერთებულ შტატებში 12 წლის განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობაზე აქვს მუშაობის გამოცდილება.
ავიაკომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ სამომავლო გეგმებსა და გამოწვევებზეც ისაუბრა.
თამაზ გაიაშვილის განცხადებით, „ჯორჯიან ეარვეისს“ არათანაბარ კონკურენციაში უწევს მუშაობა და კომპანიაში ძირეული ცვლილებების შეტანა სწორედ ამიტომ გახდა საჭირო.
„კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, ძირეული ცვლილებები გაგვეტარებინა მენეჯმენტში, რათა ძალიან მძაფრ და არათანასწორ კონკურენციაში გვიწევს საქართველოში მუშაობა, განსაკუთრებით, ბოლო წლებში. მივიღეთ გადაწყვეტილება დავნიშნოთ ახალი გენერალური დირექტორი, ბატონი რომან ბოკერია, რომელსაც საკმაო გამოცდილება აქვს ბიზნესში,“ - განაცხადა გაიაშვილმა.